26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ
პირველი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა
მხარი, წინააღმდეგი იყო - 72, ხოლო 82-მა - ხმის მიცემისგან თავი
შეიკავა.
ამ რეზოლუციით, ევროპარლამენტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს
გაყალბებულს უწოდებს და არ აღიარებს მის შედეგებს.
„არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელის
შეშლის და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციით. ეს ვერ ჩაითვლება
თავისუფლად და სამართლიანად“, - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.
გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოითხოვს "ქართული ოცნების" ლიდერების
სანქცირებას. მათ შორის საუბარია ივანიშვილზე, ღარიბაშვილზე,
კობახიძეზე, კალაძესა და პაპუაშვილზე, ასევე მოსამართლეებზე.
"მოვუწოდებთ ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე
ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან;
მოვუწოდებთ საბჭოს, კომისიას, EEAS-ს და ახალ HRVP-ს, ჩაატარონ
საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა
და გადახედვა;
მოვუწოდებთ კომისიას გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევროს
მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი,
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო
სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისთვის, რომლებიც სულ
უფრო მეტად ექცევიან მმართველი პარტიის ზეწოლის ქვეშ;
მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინადადებას
ამის შესახებ", - წერია რეზოლუციაში
ცნობისთვის, ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს
და სიმბოლური, სარეკომენდაციო ხასიათისაა - ისინი გამოხატავს
ევროკავშირის პირდაპირი წესით არჩეული ორგანოს პოზიციას.
მასალის გამოყენების პირობები