საზოგადოება
წელი, რომელიც წარსულს ჩაბარდა...
სადაცაა 2017 წელი შემოაბიჯებს, ახალი იმედებისა და გამოწვევების წელი. გვინდა მოგილოცოთ, გისურვოთ ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე, სიყვარული და ულევი სიხარული.
წლის დასასრული ბევრ თავის ტკივილთან ერთად, ბევრი იმედის მომტანიცაა, წარსულის გადახედვასაც გვაიძულებს და მომავლის თვალის შევლებასაც. ჩვენ კი, ვისაც პირად საფიქრალთან ერთად, საზოგადოების წინაშე მნიშვნელოვანი ვალდებულება-ინფორმაციის მიწოდება გვაკისრია, მეტ პასუხისმგებლობას გვთხოვს. სწორედ, ეს არის ამ ანგარიშის მიზანიც-ერთად გადავხედოთ წელს, რომელიც წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მომავლის დასაწყისი გახდა.

2016 წელს ჩვენი რედაქცია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) დაფინანსებით განახლებული ვებპორტალით შეხვდა. ახალი გამოწვევები სხვა სიახლეებსაც მოითხოვდა, ძირითადი აქცენტი ახალი მედიის სტანდარტებზე გაკეთდა, სწორედ ამიტომ სტატიებთან ერთად, ორიენტირებულები ვიყავით ვიდეოსიუჟეტების მომზადებაზე. ეს ორგანიზაციისთვის ფაქტობრივად ახალი მიმართულება იყო, რაც მეტ ძალისხმევასა და დროს მოითხოვდა. თუმცა, მაინც ვახერხებდით მწირი ადამიანური რესურსით ამ მიმართულებით აქტიურად გვემუშავა.
მიმდინარე წლის იანვრის თვიდან IREX-M-TAG პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ პროექტი: „ეთნიკური აზერბაიჯანელების ინფორმირება ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და შედეგებზე “, გაზეთ „სპექტრის“ დამატების სახით, მომზადდა რვაგვერდიანი აზერბაიჯანულენოვანი ჩანართის 3 ნომერი. თითოეული ნომერი დაიბეჭდა 1500 ტირაჟით და გავრცელდა იორმუღანლოს თემის შვიდ სოფელში. კერძოდ, საჯარო სკოლებში, თავშეყრის ადგილებზე, ბაზარში, ჯიხურების მიმდებარედ და ა. შ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ გაზეთს საშუალოდ შვიდი ადამიანი კითხულობს, ჯამში 10 500-მა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია ისეთ თემაზე, როგორიცაა: ევროინტეგრაციის შედეგად სავაჭრო ურთიერთობების პერსპექტივები, გენდერული საკითხები, ეკოლოგია, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლების ხელმისაწვდომობა, სურსათის უვნებლობა.

თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თითოეული ნომერი ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც ინფორმაციის მიღების უალტერნატივო წყარო. ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა თუ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სწორედ ჩვენი სტატიების მზადებისას შეიტყვეს თემში არსებული პრობლემების შესახებ.

2016 წლის ივნისში დავასრულეთ პროექტი „ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისათვის“, რომელიც ორგანიზაცია PH International-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ახალგაზრდულ კლუბში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლის ორმოცამდე მოხალისე გაერთიანდა. ვსაუბრობდით მუნიციპალიტეტის პრობლემებზე, ახალგაზრდების თვალით დანახულ აქტიურ თემებზე. მოგვიანებით, პროფესიული კუთხით დავიწყეთ მუშაობა, ახალგაზრდებმა ისწავლეს ფოტო-ვიდეო გადაღება, მონტაჟი, ნიუსის წერა, ჯგუფური მუშაობა, სამუშაოს გადანაწილება. პროექტის მიმდინარეობისას, კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ, რომ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს სურვილი აქვთ, თავისუფალი დრო შეავსონ საინიტერესოდ, მიიღონ და გაიაზრონ სიახლეები.

პროექტის მანძილზე, ახალგაზრდებმა იმუშავეს თემებზე, როგორიცაა: აზარტული თამაშები, საგზაო უსაფრთხოება, ეკოლოგია, პიროტექნიკის მოხმარების წესები, უპატრონო ძაღლების პრობლემა, „ბოლო ზარის“ მავნე ტრადიცია.

მოამზადეს და ვებგვერდზე speqtri.ge გაასაჯაროეს 6 მულტიმედია პროდუქტი: „ფერადი საფრთხე და მისი შედეგები გურჯაანში“, „უთხარი არა თამბაქოს“, „უპატრონო ძაღლების პრობლემა გურჯაანში“, „გამოიღო თუ არა შედეგი გარემოს დაბინძურებაზე გამკაცრებულმა სანქციებმა“, „საგზაო უსაფრთხოება გურჯაანში“, „ბოლო ზარი-ცხოვრების დასაწყისი, თუ დასასრული...“

ამ თემებზე მუშაობისას, ახალგაზრდებმა თავად გაიაზრეს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მავნე ჩვევებს, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში მათი ჩართულობა, როგორ უნდა გადაანაწილონ დრო, რა დატვირთვა აქვს ჟურნალისტიკას, როგორ უნდა იმუშაონ ჯგუფში და რამდენად მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა.
ასევე ჩაატარეს სამი სოციალური აქცია: „არა ნაადრევ ქორწინებას“, „სიკეთე გადამდებია“, „დაუთმე გზა ქვეითს“.

ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად განვიხილავთ იმ ფაქტს, რომ პროექტის დამთავრების შემდეგ 4 მონაწილე დარჩა ორგანიზაციაში და დღესაც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, როგორც მოხალისე ჟურნალისტები, დანარჩენი მონაწილეები ახალი იდეებით დროდადრო მოდიან მედიაკლუბში, ვგეგმავთ მოვაწყოთ მათთვის ახაგაზრდული ტელესტუდია, რომლის ორგანიზებაშიც ჩართულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც.

2016 საპარლამენტო არჩევნების წელი იყო და გამორჩეულად მნიშვნელოვანი ერისა და თითოეული მოქალაქისთვის. მომზადდა 123 მასალა არჩევნების თემაზე, გაშუქდა თითქმის ყველა საკითხი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღეს და არჩევნების შედეგებს ეხებოდა.
2016 წლის ოქტომბრიდან ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით დავიწყეთ პროექტი „სათემო რადიო-ინფორმაციის უალტერნატივო წყარო იორმუღანლოს თემის მოსახლეობისათვის“. პროექტის მიზანია სათემო რადიოს შექმნისა და განვითარების საშუალებით– საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ინფორმირების გაზრდის ხელშეწყობა; ადამიანის უფლებების დაცვა და პოპულარიზაცია; სამოქალაქო განათლების, ჩართულობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მიმდინარე წელს გვქონდა მიწვევა პოლონეთში, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა გავცნობოდით ლოკალური რადიო სადგურების მუშაობას და გაგვეზიარებინა მათი გამოცდილება, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტატიაში არსებული რადიო „ივრისისთვის“.
ამჯერად, ორგანიზაცია ლიცენზიის მიღების მოლოდინშია. იანვრიდან უკვე დავიწყებთ მოხალისეების შერჩევას და მათთვის ტრენინგკურსის დაგეგმვას, რის შემდეგაც, რადიო აქტიურ მუშაობას დაიწყებს.

დასასრულს, აუცილებლად უნდა შევეხო პროფესიულ საქმიანობაში ხელშემშლელ ფაქტებს, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, არცთუ მცირე იყო. ცალკეული მაგალითების განხილვისგან თავს შევიკავებ, თუმცა აღვნიშნავ, რომ მსგავსი შემთხვევები ტრადიციულად, საჯარო სტრუქტურებისა და მოხეელეების მხრიდან ხდებოდა.

ვფიქრობ, ეს საკითხი ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ვისურვებდი, რომ 2017 წელს წარმატებით გადაჭრილიყოს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ახალი წელი /