ეკონომიკა
ჩაშლილი და გადადებული ტენდერები გურჯაანში
გურჯაანქალაქობის ღონისძიებასთან დაკავშირებული ტენდერი ორჯერ გადაიდო, უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის ტენდერი კი ჩავარდა. მიზეზებზე speqtri.ge-სთან შესაბამისი სამსახურის უფროსი და ექსპერტები საუბრობენ. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ნატო გონგაძე განმარტავს, ტენდერის გამომცხადებელ-გურჯაანის მუნიციპალიტეტზე, ნაკლებადაა დამოკიდებული ტენდერი ჩაიშლება თუ გადაიდება. „ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ბაზარი მოვიკვლიოთ შესაძლებლობებიდან გამომდინარე და შესაბამის თანხაზე გამოვაცხადოთ ტენდერი. თუმცა ეს არ უნდა იყოს გათვლილი მონაწილის დიდ მოგებაზე. ჩვენ ტენდერს ვაცხადებთ იმ ღირებულებით, რაც რეალურია“. მისივე თქმით, „გურჯაანქალაქობასთან“ დაკავშირებული ტენდერის რამდენჯერმე გადადების მიზეზი ღონისძიებისთვის განკუთვნილი მცირე თანხა იყო. „ტენდერში მონაწილე მეორე მხარის (მომწოდებლის) ინტერესია, რაც შეიძლება მეტი მოგება დარჩეს, არ აქვს მნიშვნელობა ღონისძიებას გააკეთებს, რამე სამუშაოს შეასრულებს, თუ საქონელს მოგვაწვდის. გურჯაანი პატარა რაიონია და შესაბამისად, ტენდერებსაც მცირე თანხაზე აცხადებს. პირველ ორ შემთხვევაში, როდესაც მომწოდებელმა დაითვალა ხარჯები, ალბათ, მოგების კოეფიციენტმა არ დააკმაყოფილა, მაგრამ გამარჯვებულისთვის ალბათ მისაღები იყო. ჩვენ არ გვაქვს საშუალება და არც უფლება, რომ რეალურად ღონისძიება რაც ღირს, ერთი იმდენი მოგება დავუტოვოთ მომწოდებელს“. გარდა ამისა, გონგაძის თქმით, გურჯაანში რთულად მოიძებნება ვინმე, ვინც მსგავს ტენდერებში მიიღებს მონაწილეობას. „გურჯაანელებს ცოტა უჭირთ ამ ღონისძიებების ჩატარება. ამიტომაც ვიღაც გარედან უნდა შემოვიდეს. ეხლა ისეთი პერიოდია, თბილისის და სხვა დიდ ქალაქებში მოღვაწე პროდიუსერები, რომლებიც მსგავს ღონისძიებებს ატარებენ, დაკავებულები არიან და ამიტომ ასეთ პატარა თანხაში და პატარა რაიონში არ უღირთ მონაწილეობა“. რაც შეეხება ქუჩის ძაღლების თავშესაფარში გადაყანის ტენდერს, გონგაძე ამბობს, რომ ის შეზღუდული ბაზრის გამო ჩავარდა. „ბაზრის მოკვლევის შემდეგ, რომელსაც შესყიდვების სააგენტო გვავალდებულებს, აღმოჩნდა, რომ გურჯაანში და თბილისში ძაღლების თავშესაფარი გადავსებულია და ადგილი მხოლოდ დასავლეთში იყო. ჩვენს მიერ გამოყოფილი თანხა კი მხოლოდ ამ ბაზარს აკმაყოფილებდა, ამ თანხაში დასავლეთში არავინ წავიდოდა. შესაბამისად, ბაზარი არ იყო და ტენდერიც ჩავარდა. მისივე თქმით, ხშირად ტენდერი წარმატებით ტარდება და პრობლემა არ იქმნება. „ზოგ შემთხვევაში, როდესაც ტენდერს ვაცხადებთ, არაერთი მსურველი მონაწილეობს. მაგალითად, ახლა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის სახურავების შეკეთების ტენდერი რომ გამოვაცხადეთ, 7-8 სამშენებლო კომპანიის განაცხადი იყო შემოსული. პროცენტულად, ჩაშლილი და გადადებული ტენდერების დიდი მაჩვენებელი არ გვაქვს. ამასთან, შესყიდვების სააგენტოს სპეციალური განყოფილება ამ პრობლემური ტენდერების ანალიზს აკეთებს და შენიშვნებს გვიგზავნის“. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა კვიჟინაძე იმ სქემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის გამოც, შესაძლოა, ტენდერი ჩაიშალოს ან ვერ შესრულდეს. „ხშირად ტენდერს იგებს ის, ვინც ყველაზე დაბალ ფასს ასახელებს. შეიძლება ორ კომპანიას ერთნაირი ტექნიკური პირობები ჰქონდეს, მაგრამ ერთმა გაიმარჯვოს, თუმცა, მერე სატენდერო პირობები აღარ შეასრულოს. შეიძლება ტენდერი რომელიღაც სუბიექტის წყალობით ხელოვნურად ჩაიშალოს, რის გამოც ვერ გაიმარჯვოს კომპანიამ, რომელსაც მოგების რეალური შანსი ჰქონდა. შესაძლოა, ტენდერის შესახებ ინფორმაცია დროულად არ გამოქვეყნდეს და ყველა მსურველმა ვერ მიიღოს მონაწილეობა... მსგავსი სქემა უამრავია. ასეთი დარღვევები ყოველთვის, ყველა ქვეყანაში იქნება, მაგრამ მთავარია, გამოუძიებელი არ დარჩეს. მათ გამოძიებაზე კი, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იზრუნონ. გამოძიების შემდეგ ყველა დავინახავთ, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი ამ სფეროში“. ბოლო ხანს, სახელმწიფოს მიერ ჩატარებული საეჭვო ტენდერების შესახებ ბევრს ბჭობენ და კამათობენ: ექსპერტებიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ერთხმად აცხადებენ, რომ ამ სფეროში ყველაფერი რიგზე არ არის. სწორედ ამიტომ, ჩატარებული ტენდერების შესწავლას პარლამენტი აპირებს.
| Print |
FaceBook Twitter Google