ეკონომიკა
რას გულისხმობს მიწის უფასო რეგისტრაცია
მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონი პირველი აგვისტოდან სრულად ამოქმედდება.  იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა  ხელშემშლელი პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად სპეციალური კანონი მომზადდა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობითვე, ცვლილების მიხედვით, - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები-  დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია - უსასყიდლოდ შესრულდება. მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს შესაბამის მექანიზმს  მიწის გარკვეული ფართობის აზომვითი სამუშაოების დაფინანსებისათვის.
"შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი. პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიცირებას გაივლიან. დღესდღეობით აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდება მიწის რეგისტრაციის ხელშემშლელი ფაქტორი. ე. წ. გადაფარვების არსებობის გამო, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, საჯარო რეესტრს 56 000-მდე სარეგისტრაციო საქმის შეჩერება მოუხდა. პრობლემის მოგვარება კი, დღეს მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი, რაც მოქალაქეების დროისა და დამატებითი რესურსის ხარჯვას ნიშნავს. ამ პრობლემების მიზეზი საამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობაა − აზომვითი ნახაზების შედგენის უფლება ნებისმიერ პირს აქვს. ხშირად საკადასტრო ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდება, რაც ცდომილების მიზეზი ხდება, აფერხებს მიწის რეგისტრაციის პროცესს და ლახავს მესაკუთრეთა უფლებებს. სერტიფიცირებულ ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს საკუთრება ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს „გადაფარვებისა“ და საკუთრებაზე სასამართლო დავის წარმოშობის რისკს; კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა კი მოთხოვნადი გახდება."- განმარტავენ იუსტიციის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციითვე,  მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში სახელმწიფო დაეხმარება.
"დღესდღეობით მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს; დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა − სხვაგვარად, მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდება. საბუთების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტების მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია. ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში, არასწორი დაწერილობა და სხვა − აღარ გახდება მიწის რეგისტრაციის ხელშემშლელი, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება."

ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს მთავრობის სხდომაზეც ისაუბრეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, ამ დროისთვის საქართველოში მიწის მხოლოდ 25 პროცენტია დარეგისტრირებული. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ, მიწის ბაზრის მოწესრიგებას.


| Print |
FaceBook Twitter Google