ეკონომიკა
ქართული წარმოების ექსპორტი 44,1%-ით გაიზარდა - ნათია თურნავა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ნოემბერში ადგილობრივი ქართული წარმოების ექსპორტი გასული წლის ნოემბერთან შედარებით 44,1%-ით, გაიზრდა.

„დღეს გამოქვეყნდა მორიგი სტატისტიკური მონაცემები საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით. საიდანაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ არა მხოლოდ ექსპორტის ზრდაზე, რომელიც ადგილობრივი წარმოების ექსპორტსაც შეიცავს და რეექსპორტსაც, არამედ უშუალოდ ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციის ზრდაზე გვაქვს საკმაოდ დადებითი ტენდენცია. 2021 წლის ნოემბერში ადგილობრივი ქართული წარმოების ექსპორტი გაიზარდა 44,1%-ით, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, თუ შევადარებთ 2019 წლის ნოემბერს, ანუ პანდემიამდე პერიოდს, აქაც გვაქვს თითქმის 49%-იანი ზრდა.ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა ნოემბერში 325,2 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 11 თვეს თუ დავაჯამებთ, ამ პერიოდშიც სწორედ ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ზრდამ განაპირობა მთლიანად ექსპორტის ზრდა. 11 თვეში - 2,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაყიდვებმა საგარეო ბაზრებზე“, - განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, ახალი სტატისტიკური მონაცემებით, სწრაფი ზრდაა დაფიქსირებული მეზობელი სახელმწიფოების მიმართულებით პროდუქციის გაყიდვაში, ასევე ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებითაც.
„სწრაფი ზრდა გვაქვს ჩვენ როგორც რეგიონის ქვეყნებში, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მიმართულებით პროდუქციის გაყიდვაში, ასევე ჩინეთსა და ამერიკის შეერთებული შტატებში, ეს ორი გეოგრაფია კიდევ გამოირჩევა მაღალი ზრდის მაჩვენებლით, სწრაფად იზრდება იქ ქართული წარმოების პროდუქციის გაყიდვები და ინტერესიც მატულობს“, - თქვა მინისტრმა.

| Print |
FaceBook Twitter Google