ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: ამბიციურია ჩვენი გეგმა შიდა რესურსების ათვისებასა და ენერგო დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ენერგეტიკული კონფერენცია "Renewable Georgia 2022"-ის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას კომიტეტის თავმჯდომარემ შიდა რესურსების ათვისებასა და ენერგო დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით და ენერგეტიკულ გაერთიანებაში ოფიციალურად გაწევრიანებასთან ერთად საქართველომ ნათლად განსაზღვრა თავისი ენერგეტიკული მომავალი. ჩვენი ძალიხმევა, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ენერგეტიკული ბაზრის განვითარების საკითხში - დიდია. დიდი და ამბიციურია ჩვენი გეგმა შიდა რესურსების ათვისებასა და ენერგო დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საქართველო მდიდარი ქვეყანაა წყლის რესურსებით, მაგრამ ასევე აქვს პოტენციალი გამოიყენოს მზის, ქარის, ბიომასის, ბიოგაზის, წყალბადის და სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროები. ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია კი, საქართველოს ენერგორესურსების ოპტიმალური გამოყენება და რეზერვების შექმნა ენერგეტიკის სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებას წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, საქართველოს ეხსნება შესაძლებლობა ჰქონდეს სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩო, რომელსაც შეეძლება ინვესტიციების მოზიდვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში და ექნება სტაბილური და უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის," - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ღონისძიებას, რომელიც ბრიტანული კომპანია "Voice of Renewables"-ის ორგანიზებით მიმდინარეობს, კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და დარგში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიზანს საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google