ეკონომიკა
დავით ნარმანიას შეფასებით, „იმის ფუფუნება არ გვაქვს რომ რუსულ იაფ ენერგიაზე ვთქვათ უარი“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველო უარს ვერ იტყვის რუსულ ენერგიაზე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი არ ხორციელდება, რადგან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება.

"იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული ძალიან წყალუხვი იყო და ეს ტენდენცია შენარჩუნდა ზაფხულის დასაწყისშიც, ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ჩვენს [საჭიროებებს] სრულად ფარავს და მეტი ენერგიაც რჩება.

შესაბამისად, ხდება ჭარბი ენერგიის ექსპორტი თურქეთში. ამ წლის გაზაფხული ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია.

ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება უახლოეს პერიოდშიც, ვინაიდან წყალუხვობა ნარჩუნდება და გარდა ამისა, ე.წ. მარეგულირებელმა ჰიდროელექტროსადგურებმა, რომელთაც შეუძლიათ დააგროვონ წყალი, საკმაოდ მოცულობითი წყლის რესურსები დააგროვეს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, რომ დაგროვილი წყლით ეტაპობრივად გამოიმუშაონ ენერგია და მიაწოდონ ბაზარს.

რაც შეეხება იმპორტს - იმპორტი ამ ეტაპზე არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება.

ზოგადად იმპორტს რაც შეეხება, ბოლო წლებში ჩვენ იმპორტი გვაქვს ძირითადად სამი ქვეყნიდან: რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი და არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე, რათა ტარიფზე ზეწოლა არ იყოს დიდი.

ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, უფრო იაფია.

ამასთან, ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, მაგრამ თუ რაღაც მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დაწესდება ან სხვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება, რადგან ალტერნატიური წყაროები ელექტროენერგიის მიღებისა ნამდვილად არსებობს.- განაცხადა "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google