ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი-„საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის აქტზე მუშაობა დაწყებულია“
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, დიდი ჰესების მშენებლობა დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან და ქვეყანა გეგმავს დივერსიფიცირებული გახადოს საკუთარი განახლებადი წყაროები, მზისა და ქარის ენერგიის აქტიური ჩართვით ენერგო მოხმარების სტრუქტურაში.

რის შედეგადაც, 2030 წლისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი 35%-მდე გაიზრდება.

„ჩემი მოსაზრებით, რამდენიმე პროექტის მკვეთრად გამოკვეთა დაგვჭირდება ამ მიმართულებით, იმისთვის რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება იყოს მაღალი. ესენია: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება, განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით დამტკიცებული რამდენიმე პროექტი, „სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ 4 ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და ,,ხუდონჰესის“ პროექტის ,,გაცოცხლება". აღნიშნული პროექტების შესაძლო განხორციელების სიცხადეს ის ფაქტიც სძენს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ევროპა სრულად დამოუკიდებელი გახდეს რუსული ენერგეტიკული რესურსებისგან.

მიმაჩნია, რომ ამ პროცესებს ჩვენი ქვეყანა არა თუ არ უნდა ჩამორჩეს, არამედ აქტიური მონაწილე იყოს, რაც სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩოს ქონის შესაძლებლობას ქმნის, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებაში ინვესტიციების მოზიდვისა და სტაბილური/უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ნიშნავს.“ - განაცხადა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

გარდა ამისა, სამუშაო პროცესი იწყება ენერგო დამოუკიდებლობის აქტზე, რომლის ფარგლებშიც ამერიკის მთავრობის დიდი მხარდაჭერით გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, პროცესი მიმდინარეა და სამუშაო ჯგუფებიც უკვე აქტიურად მუშაობენ.

„შესაბამისად, უახლოეს მომავალში ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ამ სამუშაოებში, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირი ჩავრთოთ და უზრუნველვყოთ, საერთო სახალხო თანამონაწილეობა.“ - განაცხადა დეპუტატმა.


| Print |
FaceBook Twitter Google