ეკონომიკა
ქართული ექსპორტი 35.6%-ითაა გაზრდილი
2022 წელს, იანვრიდან ივნისამდე, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8,477.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ავრცელებს.
2022 წლის იანვარი-ივნისის წინასწარი შედეგებით, სავაჭრო ბრუნვის ახალი მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.4%-ით მეტია.

აქედან, იმპორტი 5 918.6 მლნ. აშშ დოლარს(+35.3%), ხოლო ექსპორტი 2 558.7 მლნ. აშშ დოლარს (+35.6%) შეადგენს.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის(იმპორტი + ექსპორტი) 39.8% მოდის დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) ქვეყნებზე, 16.9% - ევროკავშირის (27 ქვეყანა) ქვეყნებზე, ხოლო 43.3% - სხვა ქვეყნებზე.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების (საექსპორტო ქვეყნების) ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: ჩინეთი (400 012.2 ათასი აშშ. დოლარი); აზერბაიჯანი (287 020.8 ათასი აშშ. დოლარი); რუსეთი (256 482.7 ათასი აშშ. დოლარი); თურქეთი ( 254 066.7 ათასი აშშ. დოლარი); ბულგარეთი ( 225 977.0 ათასი აშშ დოლარი); სომხეთი (198 312.3 ათასი აშშ. დოლარი); აშშ ( 146 079.7 ათასი აშშ. დოლარი); უკრაინა (146 079.7 ათასი აშშ. დოლარი); პერუ( 86 798.4 ათასი აშშ. დოლარი) და ყაზახეთი (79 208.4 ათასი აშშ. დოლარი).

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მოცულობა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.8%-ით შემცირდა.

რაც შეეხება იმპორტს, ათეულში შემდეგი ქვეყნები შედიან: თურქეთი ( 1 039 916.9 ათასი აშშ. დოლარი); რუსეთი (705 732.4 ათასი აშშ. დოლარი); ჩინეთი (522 493.3 ათასი აშშ. დოლარი); აშშ (380 418.2 აშშ. დოლარი); აზერბაიჯანი (345 170.9 ათასი აშშ. დოლარი); სომხეთი (279 693.9 ათასი აშშ. დოლარი); გერმანია (267 991.5 ათასი აშშ. დოლარი); რუმინეთი (137 526.2 ათასი აშშ. დოლარი); უკრაინა ( 125 673.5 ათასი აშშ. დოლარი) და იტალია (122 385.1 ათასი აშშ. დოლარი).

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული სასაქონლო ჯგუფებიდან, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია მოთხოვნა მინერალურ და მტკნარ წყლებზე ( - 32.7%), ყურძნის ნატურალურ ღვინოებსა ( -4.2%) და სხვა სპირტიან სასმელებზე (-23.4%).

ყველაზე მეტად მოთხოვნა გაიზარდა ქართულ ელექტროენერგიაზე ( +303.8%) და აზოტოვან სასუქებზე ( +228.9%). წელს ექსპორტზე ასევე გაზრდილი რაოდენობით გავიდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები; ფეროშენადნობები; მსუბუქი ავტომობილები; დაფასოებული სამკურნალო საშუალებები და ოქრო.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსულია მეტი მსუბუქი ავტომობილები; ნავთობი და ნავთობპროდუქტები; სპილენძის მადნები და კონცენტრატები; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები; დაფასოებული სამკურნალო საშუალებები; სატელეფონო აპარატები; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები; ნახშირბადიანი წნელები და ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები. 2022 წელს შემცირებულია იმპორტირებული სატვირთო ავტომობილების რაოდენობა.
| Print |
FaceBook Twitter Google