ეკონომიკა
2022 წელს საქართველოს დაცული ტერიტორიები 675 079-მა ვიზიტორმა მოინახულა
2022 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, საქართველოს დაცული ტერიტორიები 675 079-მა ვიზიტორმა მოინახულა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი 63%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ვიზიტორთა შორის 49% საქართველოს, ხოლო 51% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის (საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია) მონაცემებს უკვე გადააჭარბა, მათ შორის სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე, ნავენახევის მღვიმესა და ჭაჭუნას აღკვეთილში. ჯამში, ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე აღდგენილია 76%-ით.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია სათაფლიაში - 38%-ით და ნავენახევის მღვიმეში - 14%-ით.


რაც შეეხება აღდგენის მაჩვენებელს, სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: მტირალას ეროვნული პარკი - 38%, თუშეთის ეროვნული პარკი - 99%, პრომეთეს მღვიმე - 92%, მარტვილის კანიონი - 82%, ოკაცეს კანიონი - 71%, ალგეთის ეროვნული პარკი - 72%-ით.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებას. მიმდინარე წელს არაერთი ახალი ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა და განახლდა. მათ შორის, გაიხსნა: წალკის კანიონი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ნავენახევის მღვიმე; მოეწყო: ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, არწივის ხეობაში ახალი ეკოტურისტული ბილიკი, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ნინოსხევის ჩანჩქერის ახალი ბილიკი, მაჭახელას ეროვნულ პარკში ახალი საგამოფენო სივრცე, მტირალას ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვა,“ - აღნიშნავს სააგენტო ინფორმაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google