ინფრასტრუქტურა
გურჯაანში სამსართულიანი ბაზარი აშენდება
მოვაჭრეები, რომლებიც გურჯაანში, რუსთაველის ქუჩაზე სხვადასხვა სახის პროდუქტს ჰყიდიან, ტერიტორიის მოასფალტებასა და გადახურვას ითხოვენ. „ისეა მოხრეშილი, წინაზე ვიღაც ქალმა ქუსლი მოიტეხა. აბა, აქ ვიღა შემოვა. წვიმის დროს ცუდ დღეში ვართ, თავზე ჩამოგვდის წყალი. ქოლგებს კი ავიფარებთ, მაგრამ არაფერი გვშველის. ვითხოვთ, პირობები გაუმჯობესდეს, რომ მყიდველი ძველ ბაზარში კი არა, აქ მოვიდეს.“- გვითხრა სურაია მამედოვმა.

აღნიშნულ პრობლემაზე მანანა ბერძენიშვილიც საუბრობს, რომელიც წვრილმან საქონელს ჰყიდის.

„გვინდა, რომ ჭერი გვქონდეს და ასფალტი დააგონ. ისეთი მდგომარეობაა, კლიენტი ძლივს დადის, აქ შემოსვლა აღარ უნდათ. შეგვპირდნენ, მოგხედავთო და ვნახოთ რა იქნება. იძახიან, ფასიანი გახდებაო. გუშინ ერთი ლარიანი წინდა გავყიდე და სახლში ისე წავედი. თუ ასე გაგრძელდა, გადასახადი როგორ უნდა გავისტუმრო, არ ვიცი?!“

როდის დაკმაყოფილდება მოვაჭრეების მოთხოვნები, ამის გარკვევას ბაზრის მფლობელთან ზაზა ლაზაშვილთან შევეცადეთ.

„ამ ადგილას სამსართულიან შენობას ვაშენებ. ყველას ნელ-ნელა შევიყვან ფართში. სამუშაოებს სავარაუდოდ, ორ კვირაში დავიწყებ და სამ თვეში დავასრულებ. მაღალი დონის ბაზარი იქნება. ბაზარში ყველა საჭირო ინვენტარს მე განვათავსებ. მშენებლობის დროს ხელი არავის არ შეეშლება. გადასახადი რამდენი იქნება ჯერ არ ვიცი. თუმცა ისეთ ფასს დავაწესებ, ყველას შეეძლება გადახდა.“- ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ბაზარში გარემოვაჭრეები სურვილის მიუხედავად მიმდინარე წლის თებერვალში პოლიციის მოთხოვნით შევიდნენ. ადგილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შესთავაზათ.
| Print |
FaceBook Twitter Google