ინფრასტრუქტურა
ბაკურციხის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
სოფელ ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გასული საუკუნის 70 -იან წლებშია აშენებული და 20 წელია აღარ ფუნქციონირებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მოპირკეთდა იატაკი, გაკეთდა კარ-ფანჯარა, გამოიცვალა შენობის სახურავი. მოწესრიგდა ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი. ამჟამად მიმდინარეობს გათბობისა და ვენტილაციის სისტემის დამონტაჟება და სველი წერტილების მოპირკეთება. გარდა შენობის რეაბილიტაციისა, პროექტი ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 033 481.49 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდება.სამუშაოებზე 40 ადამიანია დასაქმებული.


| Print |
FaceBook Twitter Google