ინფრასტრუქტურა
გურჯაანში ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო
გურჯაანში ახტალის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელსც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა“ ასრულებს.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილმა აღნიშნა, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„ერთ ტენდერში იყო გაერთიანებული ახტალის ჩიხი და სოფელ გურჯაანში მთავარანგელოზის ეკლესიასთან მისასვლელი გზა. რადგან პრობლემური ადგილებია, ორივეგან რკინა-ბეტონის საფარი გაკეთდება. სამუშაოები ახტალის ჩიხიდან დაიწყო და მისი დამთავრების შემდეგ, მთავარანგელოზთან მისასვლელი გზა მოეწყობა. ჯამში 80 ათას 700 ლარია განსაზღვრული. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 27 აპრილს გაფორმდა და ვადა 27 ივლისამდე აქვთ. ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება გიმნაზიასთან მდებარე ტროტუარის მოასფალტება, კულტურის სახლის ზემოდან მისასვლელი ტერიტორიის მოწესრიგება და გურამიშვილის ქუჩაზე რკინიგზასთან საცხოვრებელი კორპუსების ეზო. ხელშეკრულების გაოფორმების შემდეგ სამუშაოები იქაც დაიწყება.“

რაც შეეხება რეგიონული განვითარების ფონდების პროექტებს, დიმიტრი კალატოზიშვილის თქმით, ტენდერები უკვე დასრულდა და გამარჯვებული კომპანიებიც გამოვლინდა. სამუშაოები დოკუმენტების გაფორმების შემდეგ დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ახტალის ჩიხი 2011 წელს გურჯაანში წყალგაყვანილობის რეაბილიტაციის დროს გადათხარეს. მას შემდეგ მოსახლეობამ დახმარების თხოვნით გამგეობას არაერთხელ მიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აღნიშნული ქუჩა რამდენჯერმე მოიხრეშა, თუმცა, ამ გზით პრობლემა ვერ გადაიჭრა. ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი.


| Print |
FaceBook Twitter Google