ინფრასტრუქტურა
შემოწმდება თუ არა „ყვარელრემმშენის“ მიერ რეაბილიტირებული ობიექტები ყვარელში
მას შემდეგ, რაც ვარკეთილის მეტროსადგურში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა, კანონმდებლები სახელმწიფო შესყიდვების წესის დახვეწის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. როგორც ცნობილია, უკვე მზად არის კანონპროექტი, რომელიც ამ მიმართულებით ძირეული ცვლილებების განხორციელებას ისახავს მიზნად.
მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ყვარელრემმშენმა“ განახორციელა. 2016 წლის სექტემბერში გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ აღნიშნული კომპანია მონაწილეობდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება იყო 396 600 ლარი, კომპანიამ კი ტენდერი 347 842 ლარად მოიგო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, „ყვარელრემმშენს“ მონაწილოება 48 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 25-ში დამარცხდა, 18-ში გაიმარჯვა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო კი დისკვალიფიკაცია მისცეს 5 შემთხვევაში. 2015 წელს სახელწმიფო შესყიდვების სააგენტომ კომპანია შავ სიაში შეიყვანა.
როგორც ირკვევა, რიგ შემთხვევევებში მან არაჯეროვნად შეასრულა სამუშაო.

მაგალითად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში გათბობის სისტემის სამუშაოები ვერ დაასრულა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, საქმე სასამართლომდეც კი მივიდა და „ყვარელრემმშენი“ განჩინების საფუძველზე 2 000 ლარამდე თანხით დააჯარიმეს.

-" საქვაბე ააშენა, თუმცა შემდეგ ღუმელი არ ჩამოიტანა. ამის გამო, "ყვარელრემმშენი" 2000 ლარამდე თანხით დაჯარიმდა, მაგრამ არც ეს თანხა ჩაგვირიცხა. შემდეგ ვუჩივლეთ, სასამარლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის ფული დღემდე არ გადაუხდიათ,“ – ამბობს მაგამედ ალიევი.

ასევე, პრობლემები იყო თბილისის 160-ე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებითაც. დირექტორის თქმით, კედლები დაიბზარა და კომპანიამ მისი ხელახალი რეაბილიტაცია განახორციელდა.

ამავე კომპანიის მიერ არის შესრულებული შემდეგი სამუშაოები კახეთში: ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების მთისძირისა და ალმატის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია; სოფელ ჭიკაანის, კუჭატანის, გავაზის საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები;
ყვარელში კულტურის საესტრადო ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზის მოწყობის სამუშაოები, მედიაცენტრის ორი ოთახისა და კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია და სხვ.

Speqtri დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება იმ ობიექტების შემოწმება ყვარელში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები „ყვარელრემმშენმა“ შეასრულა. ჩვენ მუნიციპალიტეტის მერს როსტომ სესიაშვილს დავუკავშირდით.

-„როგორც წესი, პროექტი დასრულების შემდეგ შესამოწმებლად ექსპერტიზას გადაეცემა, იდება დასკვნა და ამის მერე ხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. თუ ძალოვანი უწყებები ჩათვლიან საჭიროდ, რომ კომპანია პასუხისმგებლობის ნაწილში უნდა გადამოწმდეს, ბუნებრივია, ჩვენ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. ჩვენი ინიციატივით რომ ჩავატაროთ კვლევა, არაადექვატური იქნება, რამეთუ ეს ობიექტები 2015-2016 წლებში ყოველგვარი დოკუმენტაციის დაცვით არის ჩაბარებული. ახალი თვითმმართველობის მოსვლის შემდეგ არ ყოფილა პრეცედენტი, რომელიც რაიმე კითხვის ნიშანს გააჩენდა.“

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს "ყვარელრემმშენი" 1999 წლის 1 ნოემბერს დარეგისტრირდა. მისი მოწილეები იყვნენ გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ ქანდაურაშვილი. 2014 წლის 7 აპრილიდან კი კომპანიის ასპროცენტიანი წილის მფლობელია გიორგი ჯოხარიძე.
| Print |
FaceBook Twitter Google