ინფრასტრუქტურა
გურჯაანი -ზიარის გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია
გურჯაანი-ზიარის 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია სავარაუდოდ ერთ თვეში დაიწყება. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, სამუშაოები დაახლოებით ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყება.
„დეპუტატის ინიციატივით, პროექტი წაიღო საგზაო დეპარტამენტმა და მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობის გარეშე ახორციელებს მის რეაბილიტაციას. პროექტი ტენდერზე უკვე დევს. აქ არის საუბარი რთულ რელიეფზე. არის ლოკაციები, სადაც აუცილებლად მოხდება გამაგრებები. შესაბამისად, გვექნება ულამაზეს ხეობაში კარგი გზა.ზიარის გზით გადაადგილება საგრძნობლად ამცირებს დროს და მანძილს თბილისთან. სხვაობა ცენტრალური გზით გადაადგილებასა და ზიარის გზით სარგებლობას შორის 12 კილომეტრია. მგზავრობის დრო კი 15-20 წუთით მცირდება. გზის რეაბილიტაცია გურჯაანიდან დაიწყება და სოფელ ზიარამდე მივა, მოხდება ასფალტის საფარის დაგება. შეკეთდება ტროტუარები და ბორდიურები, მოეწყობა გაბიონის საყრდენი კედლები, ამაღლდება არსებული ჭები და დაიდგმება საგზაო ნიშნები.“

გურჯაანი-ზიარის გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 486 206 ლარია. წინანადადებების მიღება 12 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბერს დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google