არჩევნები
„განახლებული რეგიონების“ პროგრამა - წინასაარჩევნო კამპანია თუ ქალაქის განვითარების რეალური პროექტი
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა ივნისის თვიდან დაიწყო, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და ისეთი ტიპის პროექტებს აფინანსებს, როგორიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება.
ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისთვის ცენტრალური ბიუჯეტში 500 მლნ ლარია განსაზღვრული.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქალაქ გურჯაანში ცენტრალური - ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) მიერ ფინანსდება. პროექტის ფარგლებში ხორციელდება შენობების ფასადების რესტავრაცია და კეთდება ტროტუარები, თუმცა რა თანხები იხარჯება კონკრეტულად და რომელი კომპანია ასრულებს სამუშაოებს, ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არ ფლობენ.

მუნიციპალიტეტის მერის (რომელსაც ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობის გამო უფლებამოსილება შეუჩერდა) არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, მთავარია სამუშაოები ხარისხიანად იყოს შესრულებული.
„ამ ეტაპზე დაწყებულია ოთხი კორპუსის რეაბილიტაცია, ბებოს ბაღის მოპირდაპირედ მდებარე კორპუსი, ბიბლიოთეკის შენობა, ადმინისტრაციული შენობა და ერთი სხვა კორპუსი. კეთდება მათი ფასადები, საწვეთურები, ტროტუარები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიწაში ლაგდება ელექტროენერგიის და ინტერნეტის სადენები. ეს მგფ-ს არ ჰქონდა გათვალისწინებული და ჩვენი მოთხოვნაა. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, სამუშაოებს რომელი კომპანია ასრულებს არ ვიცი. სამუშაოების მიმდინარეობისას ჩნდება ბევრი პრობლემა და რომ გითხრათ, რა თანხაა კონკრეტულად გამოყოფილი ამ ეტაპზე, არ ვიქნები მართალი, რადგან ეს თანხა რაღაც მომენტში აუცილებლად გაიზრდება. ეს მგფ-ის პროექტია და ხარჯთაღრიცხვები არ ვიცი. ინფორმაციას ხარჯების შესახებ, სიმართლე გითხრათ, არ ვთხოულობთ. ჩვენთვის მთავარია, ყველაფერი გაკეთდეს კარგად. ნონეშვილი ყველაზე დიდი ქუჩაა და მნიშვნელოვანია, რომ ამით ვიწყებთ, შესაბამისად, უკვე მომავალ წელს ახალი მერი შეთანხმდება ამ ყველაფერზე. “

პროექტი „განახლებული რეგიონები“ ძირითადად ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. სწორია თუ არა ასეთი მიდგომა, როდესაც მუნიციპალიტეტის ქონებას განკარგავს ამ შემთხვევაში სახელმწიფო. არღვევს თუ არა ეს ყველაფერი თვითმმართველობის კონცეფციას? - ამის შესახებ მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კოკა კიღურიძე გვესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ასეთ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის როლი, მხოლოდ საინფორმაციო კამპანიაში ჩართულობაა.

„თვითმმართველობის უფლება ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები საკუთარი პასუხისმგებლობით ადგილზე თვითონ უნდა აგვარებდნენ პრობლემებს. ეს არჩევნებიც ამისთვის ტარდება, რომ მიეცეთ საშუალება აირჩიონ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტენ პრობლემებს, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებაა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. მუნიციპალიტეტის როლი ამ ყველაფერში არის მხოლოდ საინფორმაციო კამპანიაში ხელშეწყობა და ძირითად განმახორციელებლად ითვლება მუნიციპალური განვითარების ფონდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომ მთლიანად ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ბოლომდე, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი საკითხების გადასაწყვეტად, ცენტრალური ხელისუფლება ზრდის თავის გავლენებს და როლს, რაც პრინციპში არ არის კარგი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.

როგორც თვითმმართველობის ექსპერტი ამას შევაფასებდი, როგორც თვითმმართველობის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ამ უკანასკნელის ფინანსური რესურსი მცირეა და ამიტომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამ პროგრამების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის როლს აკნინებს და ცენტრალური ხელისუფლების როლის გაძლიერებას უწყობს ხელს. აქ ვხედავ ძირითად პრობლემებს. ეს პროექტი ფინანსდება ცენტრალური ხელისუფლებიდან და ის უსაზღვრავს კონკრეტულ მიზნობრიობას, თუ რას უნდა მოახმაროს თანხა.“




რეაბილიტაციის დაწყების დღიდან საზოგადოებაში გაჩნდა განწყობა, რომ სამუშაოები წინასაარჩევნო პიარს ემსახურება. ეს აზრი რამდენიმე კვირის წინ სამუშაოების დასათვალიერებლად ინფრასტრუქტურის მინისტრის ჩამოსვლამაც გაააღრმავა, რომელთან ერთად მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატიც იმყოფებოდნენ.
ლია შანყულაშვილის თქმით, კარგი პროექტია და ნონეშვილის განახლებას მიესალმება.

„ძალიან კარგია, რომ ძლივს რაღაც ნორმალური კეთდება გურჯაანში. თანაც ცენტრალური ქუჩაა. თითქმის ყველა საჯარო სამსახური აქ მდებარეობს. მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი სამუშაოები სხვა ქუჩებზეც განხორციელდება.“

საპირისპირო მოსაზრება აქვს ბადრი დიდებაშვილს.
„ამას ბრმაც შეამჩნევს, რომ ყველაფერი წინასაარჩევნო პიარია. რატომ აქამდე არ დაიწყო?! წლებია უკვე ამ ქუჩაზე არაფერი გაკეთებულა. საარჩევნოდ ხალხის ხმების მოპოვება უნდათ და სწრაფი ტემპით იმიტომ კეთდება ყველაფერი.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გია შაოშვილის განმარტებით, რეაბილიტაცია წინასაარჩევნო პიარი არ არის, როგორც მან განაცხადა მსგავსი ტიპის სამუშაოები სხვა წლებშიც განხორციელებულა.



„როგორც ვიცი, ყველა ქუჩა უნდა გაკეთდეს, მაგრამ დავიწყეთ ყველაზე აქტუალურიდან ნონეშვილის გამზირიდან. რაც პროექტები გაკეთდა, წლების უკან, ყველას წინასაარჩევნო უნდა დაუძახოთ? ყოველ წელს არჩევნებია და მაშ რავქნათ არაფერი აღარ გავაკეთოთ?! მასეთი მიმართულება არ გვაქვს ჩვენ. მომდევნო ორი წელი აღარ უნდა იყოს არჩევნები და იმ წლებში თქვენ დააკვირდით რამდენი კარგი საქმე გაკეთდება. ასე რომ, მაგაზე ნუ კეთდება აქცენტი, რა შუაშია არჩევნები?!“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის, თემურ ბუწაშვილის თქმით, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია წინასაარჩევნოდ მოსახლეობიდან ხმების მობილიზებას ემსახურება.

„უკანასკნელი ცხრა წლის მანძილზე ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ინიციატივა საკრებულოზე არ გასულა. რაც შეეხება ეხლა ამ ფასადების მოწესრიგებას და ახალი ფრონტის გახსნას, ეს უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება, ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, ეხლა მიხვდა, რომ ფასადებია ჩამონგრეული და რეაბილიტაციას საჭიროებს. ნებისმიერი პროექტი, რომელიც განხორციელდება, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ხშირად, დროსა და სივრცეში ემთხვევა წინასაარჩევნო კამპანიას და თავიდან ბოლომდე ხმების მობილიზებას უკავშირდება“.





სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია" ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |
FaceBook Twitter Google