ინფრასტრუქტურა
ყვარელში წყალმომარაგების ახალი ქსელი მოეწყობა
ქალაქ ყვარელში 24-საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სისტემების მშენებლობა 36 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 39,690,977 ლარი მოხმარდება.

„ამ ეტაპზე, ქალაქ ყვარლის მოსახლეობის მხოლოდ 10% სარგებლობს სტაბილური წყალმომარაგებით, დანარჩენ ნაწილს კი - წყალი შეზღუდვით მიეწოდება. რაც შეეხება წყალარინების სისტემებს, არსებული ქსელის ძირითადი ნაწილი ამორტიზებულია.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობა, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჭაბურღილებისა და მილსადენის მოწყობა. ასევე, აშენდება წყალარინების ახალი ქსელი.“ - განმარტავენ კომპანიაში.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და საქართველოში კონტრაქტორი კომპანია ,, სს ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ’’-ის ფილიალის წარმომადგენელმა გუნეი ბელთირიმ.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციითვე, 2022 წლის დასაწყისში, ტენდერს გამოაცხადებენ წყალარინების გამწმენდი ნაგებობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განხორციელდება.




| Print |
FaceBook Twitter Google