ინფრასტრუქტურა
მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთამდე მგზავრობის დროს გაანახევრებს - პრემიერი
კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისიდან კახეთის მიმართულებით მგზავრობის დროს გაანახევრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისი-საგარეჯოს ავტობანზე განაცხადა. პრემიერი დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად 35 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  მთავრობის 10 წლიანი გეგმის მიხედვით, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 2 მილიარდი ლარი მოხმარდება, საიდანაც 1 მილიარდი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნულ მაგისტრალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს.

ამ ეტაპზე, კახეთის 85 კმ-იანი ავტობანიდან სამუშაოები თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან, ვაზიანის შემოვლითი გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს.
თბილისი-საგარეჯოს ავტობანი 3 მონაკვეთად არის დაყოფილი და 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზა შენდება. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.


| Print |
FaceBook Twitter Google