ინფრასტრუქტურა
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის შემადგენელი საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები იწყება.
მათივე თქმით, პროექტით გათვალისწინებულია 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას იძლევა.

„საგარეჯო-ბადიაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი კახეთის ახალი მაგისტრალური გზის შემადგენელი ნაწილია, რომლის მშენებლობის ხელშეკრულებასაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს დღეებში გააფორმებს,“-აცხადებენ უწყებაში.

ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის შემოვლით, 16.6 კმ-იან გზაზე, რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს.

ცნობისთვის, პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 276.7 მილიონი ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2025 წელს დაასრულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google