ინფრასტრუქტურა
როდის დასრულდება გურჯაანში პაპას ბაღისა და ბებოს ბაღის რეაბილიტაცია
ქალაქ გურჯაანში უკვე რამდენიმე თვეა პაპას ბაღისა და ბებოს ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც პროექტ "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, ორივე ტერიტორიაზე დაგეგმილია სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი.
„პაპას ბაღში მოეწყობა 2 ახალი ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები, დამატებით აშენდება 1 ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშო, მოეწყობა განათება, ვიდეომეთვალყურეობა, სარწყავი სისტემა, გამწვანება, ბილიკები, სკამები და დაიდგემა ურნები. სრულდება შადრევნის მოწყობის სამუშაოებიც,“ - ამბობენ მერიაში.

რაც შეეხება ბებოს ბაღს, პრესასამსხურის ინფორმაციით, აქ გათვალისწინებულია ადგილის მოწყობა ღია კაფისთვისაც.

„მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საზოგადოებრივ საპირფარეშოს. მოეწყობა განათება, ვიდეომეთვალყურეობა, სარწყავი სისტემა, გამწვანება, ბილიკები, სკამები, ურნები, ასევე მოეწყობა ადგილი ღია კაფესთვის. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია შადრევნის მოწყობა და ჩართულია.

როგორც სამშენებლო საქმეთა მწარმოებელმა გვითხრა, 12 ვოლტზე მეტი ელექტრონერგია არსად არ გადის და დაზიანების შემთხვევაშიც კი უსაფრთხოა.
რაც შეეხება ადგილს, სადაც ელექტროობაა მიყვანილი, იქ უკვე მოწყობილია შესაბამისი დამცავი ჯებირი, დახურულია ის ტერიტორია და ხელით შეხება ფიზიკურად ვერ მოხდება. საქმეთა მწარმოებლის თქმით, სამუშაოების ბოლოს, ობიექტს ჩაბარებამდე კომპანიის მონიტორინგის სამსახური შეამოწმებს და შესაბამის დასკვნასაც დადებს, რომ ნამდვილად დაცულია უსაფრთხოების ნორმები,“ - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, ორივე ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.










| Print |
FaceBook Twitter Google