ინფრასტრუქტურა
გურჯაანში წმინდა ნინოსა და სარაჯიშვილის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გურჯაანში 15 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ წმინდა ნინოსა და სარაჯიშვილის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებად 6 113 436 ლარზე გამოაცხადა. გამარჯვებულია კომპანია შპს „ქეი ქონსთრაქშენი“, რომელიც ერთადერთი მონაწილე იყო. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება.

ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით, შესასრულებელია შემდეგი ტიპის სამუშაოები:

  • მოსამზადებელი სამუშაოები;
  • მიწის ვაკისის მოწყობა;
  • საგზაო სამოსის მოწყობა;
  • სახიდე გადასასვლელის მოწყობა და არსებულის რეაბილიტაცია;
  • რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობა;
  • მიერთებების და ეზოში შესასვლელების შეკეთება;
  • ტროტუარების მოწყობა;
  • წრისა და გამყოფი კუნძულების მოწყობა;
  • განათების ბოძის მოწყობა;
  • გზის კუთვნილება და მოწყობილობა.

სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მისი ღირებულება ტენდერის მიხედვით, 5 740 517 ლარს შეადგენს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ დაზიანებულია გურჯაანში მთავარ მაგისტრალზე არსებული ხიდი, რომელიც პრობლემებს უქმნის როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე მძღოლებსაც.
| Print |
FaceBook Twitter Google