სოფლის მეურნეობა
ბაკურციხეში ირიგაციის მეთოდის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციამ" ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში წყალმომხმარებლები წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. პირველი შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ჩატარდა, სადაც შპს"საქართველოს მელიორაცია" წვეთური ირიგაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით  საპილოტე პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბაკურციხის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია და სარწყავი ქსელის მოწყობა, რომლის დასრულების შემდეგ წყალმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ 580 ჰექტარი სავარგულების მოსარწყავად წვეთური ირიგაციის მეთოდი გამოიყენონ.

აღნიშნული მეთოდის უპირატესობების შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე შპს "საქართველოს მელიორაციის"წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს. ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. შეხვედრას, რომელიც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი,შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი და საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი ესწრებოდნენ. ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google