სოფლის მეურნეობა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სკოლებსა და ბაღებში შემოწმების შედეგები შეაჯამა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო წლის დასრულების პარალელურად, სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებში არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

2016 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 -საბავშვო ბაღის და 507 - სკოლის ბუფეტში. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობების გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცათ.

სახელმწიფო კონტროლის გაზრდის პარალელურად, ყოველწლიურად მცირდება დარღვევების რაოდენობა. 2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 4 სკოლის ბუფეტს, 2015 წელს კი მსგავსი დარღვევა არცერთ სკოლაში არ გამოვლენილა.
„დადებითი ტენდენცია ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებულობის გაზრდას უკავშირდება. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას; გაიცემა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებას და გამოსწორებას ბიზნესოპერატორები მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე შეძლებენ. სააგენტოს სპეციალისტები სკოლებსა და ბაღებში არსებულ ვითარებას სასწავლო წლის დასაწყისშიც გადაამოწმებენ. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა მნიშვნელოვანია მოზარდი თაობის ჯანმრთელობისთვის“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებს 2013 წლიდან ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლი კერძო და საჯარო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 2015 წელს განხორციელდა 2095 შემოწმება(დოკუმენტური შემოწმება, ინსპექტირება, მონიტორინგი, გადამოწმება) საბავშვო ბაღების კვების ბლოკებსა და 801 - სკოლების ბუფეტებში.
| Print |
FaceBook Twitter Google