სოფლის მეურნეობა
უკავშირდება თუ არა ყურძენზე სუბსიდიის გაზრდა არჩევნებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ყურძენზე სუბსიდია გაიზარდა. გასულ წელს "საფერავზე" 15, ხოლო "რქაწითელზე" 35 თეთრი გაიცემოდა, ახლა კი შესაბამისად - 20 და 45 თეთრია. ექსპერტების ნაწილი ამაში პოპულისტურ მიდგომას ხედავს და გადაწყვეტილებას არჩევნებს უკავშირებს.

"სუბსიდია გაზარდეს იმიტომ, რომ არჩევნები მოდის, ამას რა მიხვედრა უნდა. ეს პოპულისტური ღონისძიებაა. ამას აკეთებდა შევარდნაძე, სააკაშვილი და იგივეს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლებაც. ვერ შეთანხმდნენ, სუბსიდია ჯერ კიდევ 2013-ში უნდა დასრულებულიყო. გლეხს ღირსება უნდა დავუბრუნოთ, ნუ გადავაქცეთ მათხოვრად,"
– ამბობს პროფესორი პაატა კოღუაშვილი.

მისივე თქმით, ქართული სოფლის მეურნეობის გასავითარებლად, მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი.

"ამ სფეროს რომ მხარდაჭერა სჭირდება, ფაქტია, მაგრამ, იმ წესით არა, როგორც მთავრობა აკეთებს. თანხა არა გლეხს, არამედ ქარხანას უნდა მივცეთ, შემდეგ კი ქარხანამ გადაუხადოს ფული მევენახეებს. გლეხს მოცილდება წივილ-კივილი და განცხადებები, ამდენს ვუხდით და იმდენსო. ფერმერებს დახმარება უნდა გავუწიოთ მანამ, სანამ მოსავალს მიიღებენ. მთავრობა ყველაზე ადვილ გზას ეძებს, რომელიც სოფლის გაუფასურებისკენაა მიმართული. თუ მას საწარმოოდ ნორმალური პირობები ექნება, არ დასჭირდება 15-20 თეთრიანი დახმარება. მათ სჭირდებათ არა კომერციულ ბანკებთან, არამედ კოოპერატივებთან ურთიერთობა, საჭიროა აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა. კრედიტზე გლეხს პრაქტიკულად ხელმისაწვდომობა არ აქვს. არც ერთ სახელმწიფო პროგრამას არ დაუფინანსებია გლეხი და კოოპერატივი, ეს მიდის შპს-ებზე."

ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის თქმით, სუბსიდირების გადაწყვეტილება კარგი ინიციატივაა.

"ახლა, მთავარია, ეფექტურად იქნას გამოყენებული ეს თანხა და ერთიან პოლიტიკას დაექვემდებაროს. თუ ამ ფულს უაზრო შპს-ები მიიღებენ, რომლებიც ვაკესა და ვერაზე არიან რეგისტრირებული, მაშინ დარგის განვითარებისკენ ვერ იქნება მიმართული. მიმაჩნია, რომ ეს სფერო თანდათან დადგება ფეხზე და დროთა განმავლობაში მთავრობას თანხის გამოყოფა აღარ მოუწევს. იმისათვის, რომ ეს აღარ მოხდეს, სერიოზული ძვრების განხორციელებაა საჭირო. ეს არის მიწის და კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება, კოოპერაციული მოძრაობის ხელშეწყობა, რომელიც არ ხორციელდება. ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელია. კოოპერაცია კი ნორმალურად არ მიმდინარეობს და შედეგიც არ არის. თანხები წავიდა ბიძაშვილ-მამიდაშვილების შპს-ებში, რაც არასწორია. იდეა კარგია, თუმცა დამახინჯებული."

ეკონომიკის დოქტორის სოსო არჩვაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის კულტურების სუბსიდირება ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული.

"ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის 80% სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის სუბსიდირებისკენაა მიმართული. ამ პოლიტიკას სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენი მეზობელი თურქეთიც იყენებს. შემიძლია დაგისახელოთ იაპონიის მაგალითიც, სადაც სუბსიდიის მოცულობა საცალო ფასს 5-6 -ჯერ აღემატება. მათ იმის პრობლემა არ აქვთ, რომ ბრინჯის იმპორტი მოახდინონ. ეს პროდუქტი ითვლება იაპონიის სამეწარმეო-საყოფაცხოვრებო კულტურის განუყოფელ ნაწილად და არ უნდათ, რომ ეს სფერო გაქრეს. თუკი მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყანა აძლევს თავს უფლებას სუბსიდირება გაუწიოს ტრადიციულ აგრარული სფეროს ერთ-ერთ საქმიანობას, რატომ არ უნდა იყოს ეს საქართველოში?! ქართული ისტორია ხომ უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ვენახთან და ღვინოსთან. ამაში მე დანაშაულს ვერ ვხედავ."

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ დიდი მსჯელობის შედეგად მიიღო.

"ჩვენ მივდივართ ორი მიმართულებით: ადგილობრივი მეღვინეობის განვითარება, ადგილობრივი წარმოების განვითარება და ახალი პოტენციალის შექმნა. მეორე, ბაზრების განვითარება, სადაც არანაკლები რესურსი იხარჯება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხდება სხვადასხვა განფასებით, სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ოპონენტები შეიძლება სპეკულირებდნენ, რომ ეს ფული დაიხარჯოს სხვა მიმართულებით. მინდა განვმარტო, რომ ჩვენ რესურსს ვხარჯავთ ორივე მიმართულებით. რა თქმა უნდა, გარდამავალ პერიოდში, სანამ მოვიპოვებთ იმდენ ბაზარს, რამდენიც საჭირო იქნება ადგილობრივი ყურძნის რეალიზაციისთვის, დაგვჭირდება საექსპორტო ბაზრების განვითარების დაფინანსება, საქართველოს ექსპორტის ექსპანსიის დაფინანსება და მეორე, ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება, რათა ეს გარდამავალი ეტაპი გადავლახოთ და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გავთავისუფლდეთ სუბსიდიისგან,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მიმდინარე წელს დაახლოებით 147 000 ტონა გადასამუშავებელ ყურძენს ელოდებიან, რაც შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 2000-3000 ტონით მეტია.
| Print |
FaceBook Twitter Google