სოფლის მეურნეობა
რძის გადამამუშავებელთა ფორუმი „ამბასადორში“

ორშაბათს, 28 ნოემბერს, 10:00 – 15:00 საათამდე, კაჭრეთში, სასტუმროში „ამბასადორი“, რძის მცირე და საშუალო გადამამუშავებელთა ფორუმი გაიმართება. ფორუმის მხარდამჭერია პროექტი MOLI კახეთში, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS/EPER სამხრეთ კავკასიაში, შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით ახორციელებს.



პროექტი კახეთის რეგიონის მასშტაბით, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, რომლის მთავარი მიზანი მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობაა.
რძის სექტორში, მცირე და საშუალო მეწარმეებს მთელი რიგი პრობლემები აქვთ პროდუქციის წარმოებისა თუ რეალიზაციის კუთხით. რეგისტრირებული მეწარმეები ცდილობენ ყველანაირი საერთაშორისო წესისა და სტანდარტის დაცვით წარმართონ წარმოება და შედეგად, უსაფრთხო რძის პროდუქტები გაიტანონ ბაზარზე სარეალიზაციოდ.

ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, მეწარმეებს აღნიშნული სტანდარტების დანერგვის მიზნით, საკმაოდ დიდი ინვესტიციების გაწევა უხდებათ. ეს კი თავისთავად, საქონლის ერთეულზე ზრდის ფასს. თუმცა, პრობლემა შემდეგში მდგომარეობს. რეგისტრირებულ მეწარმეთა გვერდით, არარეგისტრირებული მეწარმეები, რომლებიც ამ წესებისა და სტანდარტების გვერდის ავლით საქმიანობენ, არაკონკურენტულ გარემოს ქმნიან. ამასთან ერთად კი, ირღვევა მომხმარებელთა უფლებები. რაც საბოლოო ჯამში, სექტორის განვითარებას აფერხებს.

რძის გადამამუშავებელთა ფორუმი  სწორედ ზემოთ აღნიშნულ პრობლემას ეხმიანება. ფორუმზე, დიალოგის ფორმატში მოწვეულნი იქნებიან კახეთის მცირე და საშუალო მეწარმეები, სახელმწიფო გადაწყვეტილების მიმღები პირები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და შეეცდებიან ერთად დასახონ პრობლემის მოგვარების გზები.

 

| Print |
FaceBook Twitter Google