სოფლის მეურნეობა
გურჯაანში შხამ-ქიმიკატების ფალსიფიცირების აღმოფხვრაზე იმსჯელეს
გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, პესტიციდების ხარისხზე და ამ სფეროში არსებულ საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს და მათ საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას თქმით, პესტიციდებზე მოქმედებს კონტროლის მექანიზმი და ფალსიფიკაციის აღმოჩენის შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი სანქციები.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წაიმართა და ეხებოდა შხამ-ქიმიკატების რეალიზაციისა და ხარისხის საკითხებს, რომელიც ასე აწუხებს მოსახლეობას. ჩვენი მონაცემებით, კახეთში 92 სპეციალური შხამქიმიკატების მაღაზია ფუნქციონირებს. ძირითადად, მიმდინარეობს საეჭვო წარმოშობის პესტიციდების ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული შემოწმება. ამის შემდეგ ხდება სანქციების გატარება. კახეთში ძირითადად დარღვევა ეხებოდა ეტიკეტირებას, რაც შემდეგ მეწარმეების მიერ გამოსწორდა. გასული წელი იყო არაორდინალური, იმ კუთხით, რომ გაზაფხულსა და ზაფხულზე დიდი ნალექი მოვიდა. ამის გამო კახეთში გავრცელდა ჭრაქი, ხოლო გორში -ვაშლის ქეცი. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად პრეპარატებსაც შეიძლება დავაბრალოთ, მაგრამ უფრო მეტად იყო ის ფაქტორი, რომ ფერმერებმა ვერ მოახერხეს აგროვადებში შეწამვლა. ხშირი წვიმების გამო ეს პროცესი ყოველ მეხუთე - მეშვიდე დღეს უნდა ჩატარებულიყო. ჩვენ ასე ვფიქრობთ,“-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გამოსავალი სარეალიზაციო ქსელის გაძლიერებაა.
„ჩვენ გავაძლიერებთ სარეალიზაციო ქსელის ადმინისტრირებას, ანუ ნიმუშების აღებას. ყოველ ფაქტზე, რომელსაც ჩვენი სამსახური მოგვაწვდის, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. სპეციალისტები ადგილზე შეისწავლიან იმ მიზეზს, რის გამოც შეიძლება მოსავალი გაფუჭდეს. გარდა ამისა, ჩატარდება ტრენინგები. ვფიქრობთ, ისინი უნდა ჩაუტარდეს სპეციალიზებული მაღაზიის გამყიდველებს, რათა მათ შეძლონ კონსულტაცია გაუწიონ მომხმარებელს ამა თუ იმ პრეპარატზე.“

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის თქმით, შხამქიმიკატების ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, რომელიც მოსახლეობამ წინასაარჩევნოდ წამოჭრა და დღევანდელი შეხვედრაც, სწორედ, ამის გათვალისწინებით გაიმართა.
„ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, ჩამოვიდა და ფერმერებს შეხვდა. მათ იმსჯელეს იმ პრობლემურ საკითხებზე და გადაწყვეტის გზებზე, რომელიც ყველაზე ძალიან აწუხებთ. შეეცადნენ მოეძებნათ გამოსავალი, რათა ამ სეზონზე მსგავსი პრობლემები აღარ ჰქონდეთ. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მოხდეს ინსპექტირება, იმისთვის, რომ ფალსიფიცირებული შხამქიმიკატები აღმოიფხვრას და მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც საწყობი, ისე სარეალიზაციო პუნქტები.“
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრთან მსჯელობისა და კონსულტაციის შედეგად დაიგეგმა.

| Print |
FaceBook Twitter Google