სოფლის მეურნეობა
ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის” ჯილდო მიიღო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ვაზიანი კომპანის“ ღვინომ - „საფერავი 2015“ იაპონიაში, „საკურას“ კონკურსის უმაღლესი ჯილდო - “ბრილიანტი” (Diamond Trophy) მოიპოვა.



ჯილდო კომპანიის წარმომადგენელს ტოკიოში, „Foodex Japan 2017“-ზე საზეიმო ვითარებაში გადაეცა. აღნიშნული ღვინო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში „საკურას“კონკურსში „ორმაგი ოქროს“ მფლობელი გახდა და კონკურსის წესების თანახმად, „Foodex Japan 2017“ უმაღლესი ჯილდოს - “ბრილიანტის” (Diamond Trophy) მოსაპოვებლად გამოფენაზე იყო წარდგენილი. მაშინ ჯილდო სულ 12 დასახელების ქართულმა ღვინომ მოიპოვა - ერთი „ორმაგი ოქრო“, ექვსი - ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი.


საერთაშორისო კონკურსი „საკურა“(The 4rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2017) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იყო იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით -სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.  აღნიშნულ კონკურსში ქართულმა ღვინომ უკვე მეორედ დაიმსახურა ეს უმაღლესი ჯილდო. 2015 წელს “ბრილიანტი” (Diamond Trophy) კომპანია „ლუკასის“ ღვინომ „ჩხავერი“ მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google