სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტზე 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 85%-ით მეტია.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპორტირებულია 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 8 987 745 ბოთლი; ჩინეთი -1 794 200 ბოთლი; უკრაინა - 1 305 508 ბოთლი; პოლონეთი - 561 294 ბოთლი; ყაზახეთი - 473 515 ბოთლი. ექსპორტის ზრდის კუთხით ლიდერობს ჩინეთი, სადაც საქართველოდან გასული ღვინის რაოდენობამ 383 პროცენტით მოიმატა. ჩინეთის შემდეგ ისრაელი 333 პროცენტით და რუსეთი 120 პროცენტით. ექსპორტი გაიზარდა კანადაში, პოლონეთში, გერმანიაში, უკრაინაში, აშშ-სა და ლატვიაშიც.

მსოფლიოს 13 ქვეყანაში გასულია 3 302 962 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო პირველ კვარტალში 46 990 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 137 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

| Print |
FaceBook Twitter Google