სოფლის მეურნეობა
ლევან დავითაშვილი ახმეტაში მეპაიეებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი, ახმეტის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „სოფლის სახლის“ მეპაიეებს შეხვდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდოს. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა სწორედ ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობისთვის შეიქმნა. სახელმწიფოს დახმარებით და საკუთარი ძალისხმევით, ეს კოოპერატივი ნამდვილად შეძლებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას და ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას“ - განაცხადა მან.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ კოოპერატივს რძის მიმღებ - გადამამუშავებელი დანადგარი, ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა. კოოპერატივმა სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება უზრუნველყო, სადაც პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა განთავსდა და რძის მიმღებ- გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სოფლის სახლი“ 2016 წელს შეიქმნა და მასში 13 მეპაიეა გაერთიანებული, რომელთა საკუთრებაში არსებული ფურების რაოდენობა 314 სულს შეადგენს. კოოპერატივი წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 30 მაისამდე გაგრძელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google