სოფლის მეურნეობა
„რთველი 2017 “-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში გაიხსნება
ლევან დავითაშვილი და გიორგი სამანიშვილი 2017 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად როგორც ხელისუფლება, ისე კერძო სექტორი, სრულ მზადყოფნაშია.
“რთველის წარმატებით ჩასატარებლად ყველა წინაპირობა არსებობს, ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია, ამავე დროს გაზრდილია ღვინის ექსპორტი. რთველთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზებულია, მთავრობამ რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცა. დღვანდელ შეხვედრაზე კომპანიებთან ვისაუბრეთ იმ დეტალებზე და პროცედურებზე, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არის გათვალისწინებული. შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნლოვანი და ნაყოფიერი, კომპანიების მხრიდან მივიღეთინფორმაცია რთველთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური კოორდინაციითა და ორგანიზებულობით შევძლებთ რთველის სეზონის წარმატებით და ეფექტურად ჩატარებას“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, გასული წლების მსგავსად, თელავში განთავსდება რთველის საკოორდინაციო შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით.

ამასთან ერთად, ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით. შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
| Print |
FaceBook Twitter Google