სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინის მორიგი წარმატება იაპონიაში
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ, აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსში „20th Japan Wine Challenge 2017“ ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა.

კომპანია „ჩიგოგიძე ვაინს“-ის „საფერავი 2015“-მა მოიპოვა კონკურსის უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი და რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო წითელი ღვინო საქართველოდან. კონკურსზე სულ 19-მა ღვინომ მოიპოვა პლატინის მედალი.
2 ოქროს მედალი მოიპოვა „ვაზიანი კომპანის“ ხაზის „მაყაშვილის მარნის“ ღვინოებმა „მწვანე 2016“ და „ხიხვი 2016“. „ხიხვი 2016“-მა ასევე დაიმსახურა რეგიონალური „ტროფი“, როგორც საუკეთესო თეთრმა ღვინომ საქართველოდან.
ვერცხლის მედლები მოიპოვა კომპანია „ბადაგონის“ „GAU#5 WHITE ONE 2015“-მა და „ჩიგოგიძე ვაინს“-ის „ალექსანდროული 2015“-მა.
ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა ასევე „ბადაგონის“ სამი ღვინო: „BADAGONI BRUT 2015“, ”MAESTRO SAPERAVI 2015“ და „SAPERAVI RESERVE 2010“.

კონკურსში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიის 1700 ღვინო. წარმოდგენილ ღვინოებს მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მოწვეული პროფესიონალი აფასებდა, მათ შორის, საფრანგეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ჩილეს, იტალიის, ახალი ზელანდიის და სხვა ქვეყნების წარმომადგელები.
ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება მიმდინარე წლის ნოემბერში, ან 2018 წლის თებერვალში. „ტროფის“ ჯილდოების გადაცემის ცერემონიაში იაპონიის პრინცესა ტაკამადო მიიღებს მონაწილეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google