სოფლის მეურნეობა
ბრიტანელი ღვინის იმპორტიორები კახეთში ქართულ ღვინის კომპანიებს ეცნობიან
საქართველოში სტუმრად ბრიტანელი ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები და ღვინის პროფესიონალები იმყოფებიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Swirl Wine Group“-ის მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში ბრიტანელი პროფესიონალები კახეთში, ქართლსა და იმერეთში ქართული ღვინის მწარმოებელ შემდეგ კომპანიებს ეცნობიან: “ვარციხის მარანი”, “მეღვინეობა ხარება”, „გიორგი ნათენაძის მარანი”, “იაგოს მეღვინეობა”, “მეღვინეობა სთორი“, „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“, „მათრობელა ვაინსი“, „თელიანი ველი“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS“, „გიუაანი“ და „მეღვინეობა ლუკასი“.  ასევე  ესტუმრნენ მეთუნე ზაზა კბილაშვილს, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას კი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მეურნეობაში გაეცნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრ სარა ებოტის მარკეტინგულ კომპანია „Swirl Wine Group“-თან 2017 წლიდან თანამშრომლობს. უწყების ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბრიტანელი პროფესიონალების წინაშე ქართული ღვინის წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 53 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 17%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


| Print |
FaceBook Twitter Google