სოფლის მეურნეობა
დიდი იმედია, რომ არ გვექნება სავაჭრო ემბარგო რუსეთის ფედერაციასთან - ლევან დავითაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული - ირაკლი ქადაგიშვილი გურჯაანში ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს, მეღვინეებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ძირითადი საკითხები რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის შენარჩუნება და ქართული პროდუქტის რეალიზაცია იყო.
ლევან დავითაშვილის თქმით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფერმერებისგან მკაფიო მოთხოვნები მოისმინეს.

„მათი მხრიდან ლეგიტიმურად იყო საკითხი დასმული, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება ისეთ ბაზრებთან, სადაც გვაქვს ინტენსიური კავშირები. დიდი იმედია, რომ არ გვექნება სავაჭრო ემბარგო რუსეთის ფედერაციასთან, შევძლებთ გავაგრძელოთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, ღვინის სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობები იყოს პრაგმატულ კავშირზე დაფუძნებული, ემოციებისგან დაცლილი. ჩვენი მხრიდან ჩართულები იქნებიან ის კომპეტენტური პირები, რომლებსაც საექსპორტო პოტენციალი გააჩნიათ და იმედი გვაქვს, რუსეთის ფედერაციის მხრიდანაც მივიღებთ შესაბამის პასუხებს. ვფიქრობთ, ის პროგრესი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო მიღწეული, ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგად სავაჭრო ურთიერთობებში შენარჩუნებული იქნება. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ორივე მხრიდან რამდენიმეწლიანი სამუშაო პროცესი იძლევა შედეგს, ერთი ხელის მოსმით გაჩერდეს. რეგიონებში ბევრი ადამიანია, ვისი შემოსავალიც კონკრეტულად ამ სავაჭრო ურთიერთობებზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ემბარგო არ გვაქვს, გამკაცრებულია კონტროლის რეჟიმი ქართული ღვინის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, სიტუაცია დარეგულირდება.“


ფერმერი მიხეილ მანასაშვილი შეხვედრით კმაყოფილია და ამბობს, რომ ქვეყნის მომავალი მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებზე არ უნდა იყოს აგებული.
„ქვეყნის ეკონომიკა და მომავალი ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. მე მივესალმები ასეთ შეხვედრებს. მოლოდინი მაქვს, ყველაფერი დასტაბილურდება და ერთ მუჭა ხალხს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი. დღეს მინისტრებმა უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომელიც გვაინტერესებდა. რაც შეეხება რუსეთს, არ ვარ იმის მადლიერი, მაგრამ ამ ქვეყანას გვერდზე ვერ გავწევთ. არც სხვა ქვეყნებს მოსწონთ რუსეთი, თუმცა ნორმალური ურთიერთობა აქვთ მასთან. დავინახეთ ტურიზმს რა დაემართა, იგივე დაემართება ხვალ მეღვინეობას, მეხილეობას და ა.შ. მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკაც, რა თქმა უნდა, დაზარალდება. “


კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ფერმერების და მევენახეების მოთხოვნა სამართლიანია.
„ეს არის ის ხალხი, რომელიც უშუალოდ ქმნის საქართველოს ეკონომიკას. მათ წლების განმავლობაში პირველად იგრძნეს თავი თავისუფალ ფერმერებად, რთველი და მოსავლის აღება მათთვის მართლა სიხარულია. ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს, რომ სავაჭრო სივრცეში შემდგომი გართულებები თავიდან აიცილოს. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ხალხს გააჩნია სამართლიანი მოთხოვნა, შეწყდეს ბინძური მეთოდებით „პოლიტიკური “ ზიანის მიყენება საქართველოს ეკონომიკაზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ ეკონომიკური წინსვლა საქართველოს გაერთიანებისა და ქვეყნის მომავლის აუცილებელი პირობაა. გაღატაკებული ქვეყანა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი და ვერც დემოკრატიას ააშენებს. სწორედ ასეთი დამოუკიდებელი ფერმერების მეშვეობით დამკვიდრდება საქართველოში დემოკრატია. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები.“


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში ფერმერებმა და მევენახეებმა აქცია გამართეს. ისინი მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შეუფერხებლად რეალიზაციას და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google