სოფლის მეურნეობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ყანები და ვენახები დაისეტყვა
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსულმა სეტყვამ სავარგულები გაანადგურა. დასეტყვილია როგორც ვენახები, ისე ქერისა და ხორბლის ნათესები.

ანაგაში მცხოვრები მირიან მირიანაშვილი ამბობს, რომ 50 ჰექტარზე დათესილი ყანა სრულად განადგურებულია.

„50 ჰექტარზე მეთესა ხორბალი. 100%-ით არის დასეტყვილი, მისგან აღარაფერი გამოვა. ზარალი დიდია, გარდა იმისა, რომ საკუთარი ფინანსები ჩავდე ამ ყანის მოყვანაში, ბანკიდანაც მაქვს სესხი აღებული. სამწუხაროდ, ნაკვეთი დაზღვეული არ მქონდა.“

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გოგი გოგილაშვილის ინფორმაციით, სტიქია საკმაოდ ძლიერი იყო.

,,ამ ეტაპზე ჩემი ინფორმაციით, სოფელი ანაგა დაისეტყვა. დასახლებებში ზიანი არ გვაქვს, მაგრამ როგორც ადგილობრივები ყვებიან, დასეტყვილია მდინარე ალაზნის მიმდებარედ არსებული ქერისა და ხორბლის ყანები და ზარალიც საგრძნობლად დიდია. ძლიერი სტიქია მოულოდნელად დაგვატყდა თავს, თუმცა, დაზუსტებით ვერ გეტყვით, მოხდა თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლა. დასეტყვილ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს და ზუსტი ინფორმაცია ზარალის მასშტაბებთან დაკავშირებით, მოგვიანებით გვექნება,“- განაცხადა გოგი გოგიაშვილმა.

როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სიღნაღის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ბონდო ბოლღაშვილი ამბობს, ასევე დასეტყვილია წნორიდან გუმბათამდე არსებული სოფლების ნათესები. ამ ეტაპზე  ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

„თითქმის ყველა კულტურაა დასეტყვილი, ძირითადად ვენახებია დაზიანებული, მაგრამ არის ნივრის, ლობიოს ნათესებიც. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რა პროცენტით არის დასეტყვილი სავარგულები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა და ინფორმაციის დაზუსტება.“


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სეტყვა / სიღნაღი /