სოფლის მეურნეობა
აუნაზღაურდებათ თუ არა ხარჯები სიღნაღში სტიქიით დაზარალებულებს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში სეტყვისგან მიყენებული ზარალი უკვე დათვლილია. როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სიღნაღის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ბონდო ბოლღაშვილი ამბობს, სტიქიამ სხვადასხვა სახის ნარგავები დაახლოებით 340 ჰექტარზე დააზიანა.

„ანაგაში 140 ჰექტარზე ხორბლისა და ქერის ყანები დაისეტყვა 60%-ით , ხოლო 50 ჰექტარი - 30 %-ით, პომიდვრის ნარგავები დასეტყვილია 0,5 ჰექტარზე 80 %-ით. წნორში სტიქიამ დააზიანა ვენახები 150 ჰექტარზე 70 %-ით, ბოსტნეულ-ბაღჩეული 10 ჰექტარზე - 25-30 %-ით, დაახლოებით 8-10 ჰექტარზე დაისეტყვა ვენახი ბოდბისხევში 15-20%-ით.“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან ბონდო ბოლღაშვილმა.

ანაგაში მცხოვრები მარინა ქუჯიევი ამბობს, რომ 6000 ძირი პომიდვრის გადარგვა ზუსტად იმ დროს დაასრულეს, როდესაც სეტყვა მოვიდა, მისი თქმით, ნარგავების 95 პროცენტი განადგურებულია.

„თესლიდან მოყოლებული ყველაფერი ნაყიდი გვაქვს, ჩითილები მუშით გადავრგეთ. სასუქებიც დავუყარეთ. იქ ვიყავით სეტყვა რომ დაიწყო. 6 ათასი ძირი პომიდორი გადავრგეთ და დაახლოებით 300 ძირი ბადრიჯანი. რომელიც უკვე სარზე იყო მიბმული, თავები წააწყვიტა, დანარჩენი სრულად არის განადგურებული. ნარგავები 95%-ით არის დასეტყვილი. ბადრიჯანი მიწასთან არის გასწორებული. იქნებ რაღაც კომპენსაცია მოგვცენ, რომ ან თესლი ვიყიდოთ, ან ჩითილი. რა უნდა ვქნათ, არ ვიცი. ეკონომიურად ძალიან გვიჭირს. ოჯახში 8 წლის ბავშვი გვყავს და 2 ქრონიკული ავადმყოფი ვართ. უკიდურეს გაჭირვებაში ვიმყოფებით,“ - ამბობს მარინე ქუჯიევი.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, გოგი გოგილაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მერია სტიქიით მიყენებულ ზარალს ვერ აანაზღაურებს. მისი თქმით, საჭიროა, მოსახლეობამ ისარგებლოს დაზღვევის მომსახურებით.

„თუ ვინმეს დაზღვეული აქვს მოსავალი, ის აინაზღაურბს ზარალს, ის რომ ჩვენ დახმარება გავუწიოთ, ასეთი პროგრამა არ გვაქვს.
რაც შეეხება ქუჯიევების მდგომარეობას, ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ძალიან ვწუხვარ, შევდივარ მათ მდგომარეობაში, ადამიანმა იწვალა 6 ათასი ძირი პომიდორი დარგო, მაგრამ არანაირი სახსრები არ გვაქვს, რომ დავეხმაროთ.
მერიას არ აქვს ის ხარჯი, რომ გავწვდეთ ამ ზარალს. უნდა მივიდეთ იქამდე, რომ მივმართოთ მოსავლის დაზღვევას. ეს ძალიან კარგია. ეს არის მათი უსაფრთხოებისთვის.“

შეგახსენებთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა 2 მაისს მოვიდა.
როგორც ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში განცხადეს რეგიონში სისტემამ 130-მდე რაკეტა გაისროლა, რომლის საშუალებითაც მოხდა მასშტაბური სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები მაქსიმალურად შემსუბუქება.

| Print |
FaceBook Twitter Google