სოფლის მეურნეობა
კახეთში ვენახების კადასტრი გრძელდება
ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ვენახების კადასტრის პროექტს. როგორც speqtri.ge-სთან საუბარში ღვინის ეროვნული სააგენტოს კადასტრების სამმართველოს უფროსმა, დავით მაღრაძემ განაცხადა, მევენახეთა სრულყოფილი მომსახურების მიზნით თელავში განთავსდა ღვინის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახური.


მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, არამარტო განახორციელონ ვენახების რეგისტრაცია, არამედ, განაახლონ საკადასტრო ინფორმაცია.
„ წელსაც იგივე პრინციპით როგორც შარშან, საკადასტრო ამონაწერების საფუძველზე მოხდება ყურძნის ჩაბარება. მევენახეები, რომელთაც აქვთ ძველი ამონაწერები და ინფორმაცია არ აქვთ შეცვლილი, ჩვეულებრივ ისარგებლებენ ამ საბუთით. თუ ადგილი აქვს ყიდვა-გაყიდვას, გაჩეხვას, ახლის გაშენებას და ა.შ ამ შემთხვევაში, მოქალაქეებს ვთხოვთ მობრძანდნენ და განაახლონ ამონაწერი, რათა შეძლონ ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარება. ყურძნის მიკვლევადობა იწყება ვენახიდან ბოთლამდე, ჩვენი სურვილია ამ პრინციპზე თანდათანობით გადასვლა. ეტაპობრივად მივყვებით და ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შევძლებთ ამ საკითხის გადაჭრას. ჩვენ ფოკუსირება გვაქვს წელს ისევ მუკუზანსა და ახაშენზე. წელს გვინდოდა სხვა ზონების ათვისებაც, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ხელი შეგვეშალა, მომავალში იმედია ყველაფერი იგივე სისტემით გაგრძელდება. თელავში სურსათის ეროვნული სააგენტოს მეორე სართულზე (ალაზნის გამზირი. ტელეფონი: 577 08 04 05; 577 52 60 62 - მიხეილ გრიშიკაშვილი) მუდმივადმოქმედი ოფისი გავხსენით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოემსახურება მოქალაქეებს. რთველის პერიოდში ვგეგმავთ წარმომადგენელი გვყავდეს გურჯაანსა და ყვარელშიც. ამავე დროს თელავში არის მობილური ჯგუფი და თუ მოქალაქეები გამოთქვამენ სურვილს, ჯგუფი მოახდენს გასვლებს ნებისმიერ ადგილზე და იქ მოემსახურება მათ.“

დავით მაღრაძის თქმით, კადასტრის პროექტის მიზანია ვენახებისა და მევენახეების აღრიცხვა მევენახეობა მეღვინეობის სტაბილური განვითარებისთვის, მაღალი ხარისხის ყურძნისა და ღვინის წარმოებისთვის, ყურძნის მოსავლის პროგნოზირებისათვის, რთველის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდისთვის. ვენახების კადასტრის მონაცემთა ბაზა გეოგრაფიულ- საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით მოიცავს ინფორმაციას მევენახეებისა და ვენახების ფართობის, ჯიშობრივი შემადგენლობისა და ვეგეტატიური მდგომარეობის შესახებ.

| Print |
FaceBook Twitter Google