სოფლის მეურნეობა
კახეთში უკვე 11 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში 11 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. აქედან: 6 ათასი ტონა რქაწითელი, 2 ათასი ტონა საფერავი, ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშია.

უწყების ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების დღეღამურმა მაჩვენებელმა 2 ათას ტონას მიაღწია. ამ დროისთვის ყურძენი იკრიფება დედოფლისწყაროსა და სიღნაღში. სხვადასხვა მოცულობის ყურძენი 40-მდე ღვინის კომპანიამ და მარანმა გადაამუშავა.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google