სოფლის მეურნეობა
"ჩალამოტი“ - სოფელ ჩალაუბანში წარმოებული ღვინო ფრანგულ ბაზარზე გაიყიდება
"ჩალამოტი" - ასე ჰქვია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში წარმოებულ ღვინოს, რომელიც სულ მალე საფრანგეთის ბაზარზე გაიყიდება.
ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც მათიაშვილების ოჯახმა მარანი გააკეთა, სოფლის ძველი სახელი „ჩალამოტი" გააცოცხლა და რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ღვინო ჩამოასხა. თუმცა, მანამდე იყო ფინანსების მოძიების, მშენებლობისა და იდეის განხორციელების ხანგრძლივი პროცესი.

მარნის გახნის, მომავალი გეგმებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, ირინე ხუციშვილი გვესაუბრა.

-„ჩალამოტი“ გახლდათ ჩალაუბანის შუა საუკენეებისდროინდელი სახელი და გვინდოდა ამით პატივი გვეცა ჩვენი სოფლისთვის. ყველამ გაიგოს, რომ ჩალაუბანი უძველესი სოფელია საქართველოში და თან -უმაღლესი ხარისხის ღვინოების სამშობლო. იდეა კარგა ხანი არსებობდა, მაგრამ 2018 წლამდე ფინანსების გამო თავი ვერ მოვაბით. ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო 90-იანებში, როცა ქვეყანა აირია და კოლექტივები დაიშალა. ამ დროს შესაძლებელი გახდა მიწისა და ვენახების ჯერ იჯარით, შემდეგ კი კერძო საკუთრებაში აღება. ჩემი მეუღლის ძმა, გიორგი მათიაშვილი თბილისიდან ჩალაუბანში დაბრუნდა და ოჯახურ მეურნეობას ჩაუდგა სათავეში. მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო მევენახეებისთვის , წამლები არ იშოვებოდა, ტექნიკა აღარ ვარგოდა, ყურძენს ფასი არ ჰქონდა. მაშინ გაუჩნდათ სურვილი, რომ გაეკეთებინათ ოჯახური მარანი და თვითონვე ეწარმოებინათ ღვინო. 2016 წელს მეწარმეთა დახმარების პროექტის შესახებ გავიგეთ და განაცხადიც გავაკეთეთ. ძალიან გაგვიხარდა როცა "ახალგაზრდა მეწარმეთა ხელშეწყობის" პროგრამიდან მივიღეთ მეორე ეტაპზე გადასვლის შეტყობინება, მათივე ხელშეწყობით გავაკეთეთ ბიზნეს გეგმა და მოვიპოვეთ ნაწილობრივი დაფინანსება, დანარჩენზე მივმართეთ საბანკო სექტორს და ავიღეთ სესხი, რითაც სრულად დავაფინანსეთ ქარხნის მშენებლობა,“ - გვიყვება ირინე.

ამ დროისთვის ღვინოს ოჯახის მიერ მოყვანილი ყურძნისგან ამზადებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, მზარდი რეალიზაციის შემთხვევაში მოსავალი სხვა მევენახეებისგანაც ჩაიბარონ.

როგორც ყველას და ყველაფერს მსოფლიოში, პანდემიამ პრობლემები მარნის მეპატრონეებსაც შეუქმნათ, თუმცა საფრანგეთში, ღვინის ექსპორტზე გატანა მაინც მოახერხეს.

-„ამ ეტაპზე ფრანგულ ბაზარზე გავაგზავნეთ მცირე რაოდენობის პარტია, სულ 690 ბოთლი, აქედან 460 ბოთლი საფერავი და 230 - რქაწითელი. მოწონების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ექსპორტის რაოდენობა გაიზრდება. ბოთლები უკვე ადგილზეა და მალე ჩაეშვება გაყიდვაში. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად გამოგვივა. საფრანგეთში წარმატება ბევრად გააადვილებს ამ და სხვა ქვეყანის ბაზრებზე შესვლას და ფეხის მოკიდებას,“- ამბობს ირინე.
მარნის მეპატრონეების თქმით, ეს დარგი წარმატების მომტანია, მთავარია, ხარისხიანი ღვინო აწარმოო.
-„მომგებიანი ალბათ ყველა შემთხვევაში იქნება, მთავარია, კარგი ხარისხის ღვინო დააყენო. ეს ისეთი პროდუქტია, მალევე რომც ვერ გაყიდო, არათუ გაფუჭდება და იზარალებ, არამედ პირიქით, თუ საჭირო პროცედურებს დაიცავთ, წლებთან ერთად ხარისხიც ემატება და უფრო მომგებიანად გაიყიდება. ოჯახში, კარგი ღვინო, ზომიერად ყველას გვიყვარს. თან რომ ვიცით ჩვენს მარანშია დაყენებული და ღვინის მოყვარულთა მაღალ შეფასებას იმსახურებს, გვსიამოვნებს. ვამაყობთ, რომ შრომა, რომელიც ღვინის ვენახიდან ბოთლამდე მიყვანას სჭირდება, ფუჭი არ არის და გვიფასდება ,”.

მარანში საჭირო საქმიანობას ოჯახის წევრები თავად ართმევენ თავს, თუმცა როცა სამუშაო ბევრია, რამდენიმე ადგილობრივსაც ასაქმებენ. სამუშაო ადგილების შექმნა, მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საფრანგეთის გარდა, მარნის მეპატრონეები, მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნის ბაზრებთანაც აწარმოებენ. შესაძლოა, გურჯაანის ერთ პატარა სოფელში წარმოებული ღვინო ჰოლანდიის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ბაზარზეც აღმოჩნდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google