სოფლის მეურნეობა
გეო გაპი/Geo GAP-ის მიერ რძის საველე ტესტირება გაიმართა
კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში, ადგილობრივი სტანდარტის, გეო გაპი/Geo GAP-ის მობილური ექსტენციის ლაბორატორიის მეშვეობით მესაქონლეობის ფერმერების მიერ წარმოებული ნედლი რძის საველე ტესტირება გაიმართა. მესაქონლე ფერმერებმა ადგილზე ჩატარებული სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზების შედეგად, მიიღეს პასუხები მათ ფერმაში წარმოებული რძის ქიმიურ შემადგენლობასა და უვნებლობის პარამეტრებზე.



მობილური ლაბორატორიის მიერ, ფერმის კარზე რძის ტესტირება, ემსახურებოდა მესაქონლე ფერმერების ცნობიერების ამაღლებას რძის ქიმიური და მიკრობიოლოგიური შემადგენლობის შესახებ, რათა უკეთესი ხარისხის რძის მიღების მიზნით, მათ გააუმჯობესონ ცხოველთა მოვლა-შენახვის პირობები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გააუმჯობესონ საქონლის კვება და წველის ჰიგიენა, ასევე რაციონალურად გამოიყენონ ვეტერინარული პრეპარატები.



ღონისძიება ფერმერ, თეონა ღონღაძის საქონლის ინდუსტრიულ ფერმაში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში გაიმართა, სადაც ინდუსტრიული ფერმის ირგვლივ არსებული შედარებით მცირე ზომის ათობით ფერმერმა მოიყარა თავი. მათ უფასო ლაბორატორიული შემოწმების მომსახურების მიღების მიზნით ადგილზე მოიტანეს თავიანთ ფერმებში წარმოებული რძე.



ღონისძიების ფარგლებში მონაწილე ფერმერებს, ასევე, გადაეცათ „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელოები, მათ შორის „როგორ ავაშენოთ მესაქონლეობის ფერმა“ და „ვეტერინარული პრეპარატების სწორი გამოყენება მესაქონლეობის ფერმაში“.


გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტი უვნებელი სურსათის წარმოების ადგილობრივი ნიშანია, რომელიც ფერმერებს, კერძოდ, ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებს აძლევს შესაძლებლობას აწარმოონ ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი ხილი და ბოსტნეული, მათი საქმიანობა დაუახლოვონ საერთაშორისო სტანდარტებს. 2021 წლის ზაფხულიდან, მას ახალი სექტორი - მესაქონლეობა დაემატა და ფერმის დონეზე, პირველადი წარმოების გეოგაპი/GeoGAP-ის სტანდარტის მინიჭება არის შესაძლებელი.



პირველადი წარმოების, კერძოდ, მესაქონლეობის ფერმის დონეზე, ინდუსტრიული ხარისხის ნიშნის, გეო გაპი/Geo GAP-ის დანერგვაზე ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტემენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ფარგლებში მუშაობს.



გეო გაპი/Geo GAP-ის დანერგვა დაეხმარება მესაქონლე ფერმერებს შესაბამისობაში მოიყვანონ მათი წარმოება, როგორც ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, ასევე, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან. ამასთან, ადგილობრივი სტანდარტის დანერგვა ხელს შეუწყობს, მესაქონლე ფერმერებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები ადგილობრივ ბაზარზე და გააუმჯობესონ პროდუქტიის შესაძლებლობები საექსპორტო ბაზრებზე. მესაქონლეობის სექტორისთვის გეო გაპი/Geo GAP-ის დანერგვაში ხელს უწყობს საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია Q-point.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google