სოფლის მეურნეობა
„ღVINOთონის“ გამარჯვებული გუნდი ცნობილია[photo]
11-12 დეკემბერს გურჯაანის ტექნოპარკში „ღVINOთონი“ გაიმართა, რომლის მიზანი იყო მეღვინეობის სექტროში გამოკვეთილი პრობლემების გადაწყვეტა ტექნოლოგიური მეთოდით და შესაბამისი პროდუქტის შექმნა. ორგანიზატორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა სამი ყველაზე ხშირად დასახელებული პრობლემა:
• “მცირე საოჯახო მეღვინეობებს უჭირთ ღვინის ექსპორტი და მასთან დაკავშირებული მარკეტინგი, რადგან მისი განხორციელება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.”
• “ღვინის წარმოება სხვადასხვა სახის რუტინული პროცესის შესრულებასთან არის დაკავშირებული, რასაც დიდი დანახარჯი აქვს და მეღვინეს ხშირ შემთხვევაში აღარ რჩება საკმარისი დრო და რესურსი აკეთოს მთავარი - გააუმჯობესოს ღვინის ხარისხი.”
• “მეღვინეობას რომელიც გადის ახალ ბაზარზე, უჭირს იყოს გამორჩეული რადგანაც ბაზარზე ღვინოები წარმოდგენილია ძირითადად ერთგაროვანი ფორმითა და შეფუთვით.”
ჰაკათონის მონაწილეებს 30 საათი ჰქონდათ იმისთვის, რომ ემუშავათ საკუთარ იდეებზე და მოემზადებინათ პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში ტექნოპარკში ჩატარდა სამი ტრენინგი, რომელიც მონაწილეებს საშუალებას მისცემდა უფრო ფოკუსირებულად ემუშავათ.

საბოლოოდ, წარდგენილი იყო 16 პროექტი. „ღვინოთონის“ გამარჯვებული გუნდი კი გახდა „გამგრილებელი დამრევი“. გუნდის 4 წევრი იყო: ლუკა ცაბაძე, ლუკა ნინუა, გიორგი კორკოტაძე და რევაზ ზურაბიშვილი.

„ჩვენი იდეა მოიცავს , დუღილის დროს, ქვევრის ღვინის "მორევის" ავტომატიზებას, რადგანაც ამ პროცესს დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება ხოლმე. ჩვენ გავაკეთეთ რელსებზე მოძრავი მოდელი, რომელიც გადაადგილდება ქვევრებს შორის და ამოტივტივებულ ჭაჭის მასას დაძირავს სამ საათში ერთხელ.

30 საათში სამუშაოს შესრულება, რა თქმა უნდა, რთული იყო და ვერც მოვასწარით კარგად პროტოტიპის აწყობა, მაგრამ იდეა უკეთ დავამუშავეთ და პრეზენტაციაც მოვამზადეთ. გამარჯვებას დიდად არ ველოდით, მითუმეტეს, სხვა გუნდებიც მუშაობდნენ ზუსტად ამ მიმართულებით,“-ამბობს გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთი წევრი, ლუკა ცაბაძე.

„მე და ლუკა ნინუა ვმუშაობდით მექანიზმის დიზაინსა და პრინციპზე, გიორგი კორკოტაძე ფინანსურ მხარეზე და რევაზ ზურაბიშვილი სურათების მოდელირებაზე. ვიცოდით, ღვინის სექტორში ეს პრობლემა რომ არსებობდა. გვყავს ამ სფეროსთან დაახლოებული მეგობრები, ჩვენი გუნდის წევრიც ღვინის ქარხანაში მუშაობს და, კონკრეტულად, ეს მექანიზმი ღვინის ბოთლის სახსნელისგან ავიღეთ. პროტოტიპის ასაწყობად ღვინის სახსნელი გვქონდა გამოყენებული.

ეს ჰაკათონი კარგი გამოცდილება იყო. მომავალში კიდევ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენთვის ეს პირველი ჰაკათონი იყო და ბევრი რამეც ვისწავლეთ,“-ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში ლუკა ცაბაძე.


ჰაკათონის ყველაზე პატარა, 15 წლის მონაწილე, ნიკოლოზ დვალი იყო. მან თავისი პროექტის, „Dvalder“-ის ფარგლებში ჟიურის წევრებს წარუდგინდა „ჭკვიანი ქვევრი“, რომელიც მომხმარებელს რეკომენდაციას უწევს, თუ რომელი ღვინო შეარჩიოს და აძლევს მას საშუალებას სასურველი პროდუქტი ადგილზევე დააგემოვნოს.
„„Dvalder“- ის იდეა ძალიან სასაცილოდ გაჩნდა. სულ ხუმრობით დავარქვი ეს სახელი, როცა პირველი აპლიკაცია შევქმენი. მას შემდეგ, მუდმივად ვავითარებ და ვხვეწ ჩემს იდეას.

პროდუქტის წარდგენა ძალიან რთული იყო. ფაქტობრივად, hardware da software ჩემით გავაკეთე და მთელი დღე-ღამის განმალობაში ვმუშაობდი. იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალისტი ვარ, მინდოდა მაქსიმალური შედეგი დამედო და დავდე კიდეც.
ჰაკათონისგან, ამ 2 დღეში, მივიღე ძალიან ბევრი და ახალი ინფორმაცია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს.
ზოგადად, Dvalder-ი სხვადასხვა ავტომატიზაციის პროექტებს აწყობს,“-გვეუბნება ნიკოლოზი.
ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ფულადი ჯილდო 5000 ლარი. რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა, ტექნოპარკის რესურსების გამოყენებით, გააგრძელოს მუშაობა და განავითაროს საკუთარი იდეა.
| Print |
FaceBook Twitter Google