სოფლის მეურნეობა
საქართველოში ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ ოფიციალურად დამტკიცებულია. სოფლის განვითარების სააგენტო ბიოლოგიური წარმოების მსურველებს ფინანსურად დაეხმარება. პროექტი ხორციელდება ყველა მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე პროგრამის საწყისი კაპიტალი 300 000 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სოფლის განვითერების სააგენტო ავრცელებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის, ილია თამარაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამა ბიოლოგიური წარმოების ხელშეწყობასა და არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში სააგენტო მეწარმეებს სერტიფიცირების პროცესში დაეხმარება და საკონსულტაციო ხარჯებს აუნაზღაურებს.

მისივე თქმით, სააგენტო ერთ ბენეფიციარს ხარჯის 70 %-ს, არაუმეტეს 7 000 ლარს აუნაზღაურებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ბენეფიციარები განაცხადს დონორ ორგანიცზაციებთან ერთად წარადგენენ, სააგენტოს თანამონაწილეობა 40%, 4 000 ლარით განისაზღვრება.

ილია თამარაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტომ ორ პრიორიტეტულ მიმართულებად მევენახეობა და საფუტკრე მეურნეობა დაასახელა. ამიტომ, ამ სეგმენტის წარმომადგენლებს სახელმწიფო სერტიფიცირების გარდა, ორგანული სასუქებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური პრეპარატების ხარჯების ანაზღაურებაშიც დაეხმარება.

თამარაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ბიოწარმოების პროდუქტი ძირითადად ექსპორტზე იქნება გავთვლილი, რადგან ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მაღალი ღირებულების გამო, შიდა ბაზარზე სრულად ათვისება შესაძლოა ვერ მოხდეს.












| Print |
FaceBook Twitter Google