სოფლის მეურნეობა
მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით ისჯება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა 500-დან 1 300 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

„სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვის მავნე პრაქტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, ფერმერები დღემდე იყენებენ, საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას; ფერმერებისგან გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას.

შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა. სამართალდარღვევა, გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს 500-დან 1300-ლარამდე ჯარიმას, რასაც გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება,“ - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მკაცრად გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს.

ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი.

ხშირად ხანძარს ახლადგაშენებული გარსაფარი ზოლიც ეწირება. გასულ წლებში შირაქშიც ხანძრის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. მაშინ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წევრმა პავლე თავაძემ, manifest.ge-ზე დაარეგისტრირა პეტიცია იმის შესახებ, რომ დაჩქარბულიყო საქართველოს კანონის მიღება ქარსაფარი ზოლების შესახებ.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ სახელმწიფოს მიეღო მარტივი კანონი ნაკვეთების გადაწვასთან დაკავშირებით.

პარლამენტმა ქარსაფარი ზოლის შესახებ კანონი 2021 წელს მიიღო.
| Print |
FaceBook Twitter Google