სოფლის მეურნეობა
ოთარ შამუგია კახეთში ატმის რეალიზაციის პროცესს გაეცნო [photos]
დღეს, 20 ივლისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი კახეთში იმყოფებოდნენ. ისინი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში „ქართული აგრო პროდუქტის“ ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმო ს ესტუმრნენ და ასევე გაეცნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის დაბინავების პროცესს.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ოთარ შამუგიას თქმით, წინა წლებთან შედარებით, ფერმერთა შემოსავალი 5-ჯერ არის გაზრდილი და ამ დროისთვის საქართველოდან ექსპორტირებულია 12 მლნ. დოლარის ატამი.

„კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს მიერ, რამდენიმე ათეული სამაცივრო მეურნეობა დაფინანსდა, რითაც შესაძლებელი გახდა, რომ მოსავალი დაბინავდეს სტანდარტების დაცვით და შემდგომ გავიდეს ექსპორტზე. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 12 მლნ დოლარის ექსპორტი არის განხორციელებული და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თუ რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდს შევადარებთ, ფერმერების შემოსავლები, დაახლოებით, 4-5 ჯერ არის გაზრდილი”, - განაცხადა გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

სოფელ ჩუმლაყში არსებული ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში ამ დროისთვის ჯამში 4 მლნ. ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული. აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო 1.5 მლნ. ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

ამ ეტაპზე საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული. საწარმოში ყოველწლიურად 5 000 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.

პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ბრენდის -„კეთილი და პატიოსანი“ სახელით ახორციელებს. კომპანიამ დანერგა ISO სტანდარტი. ამ დროისთვის პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყატარში. წელს კომპანია პროდუქციის საფრანგეთსა და გერმანიაში ქსპორტსაც გეგმავს.

მიმდინარე სეზონზე, კახეთის რეგიონში, ატმის მიღების პროცესში, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობაა ჩართული.







| Print |
FaceBook Twitter Google