სოფლის მეურნეობა
კახეთის რეგიონში 53 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
13 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს შეფასებით, მოსავლის დაბინავება შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემები არ შექმნიათ.

“ყურძნის დღიური გადამუშავება 8-10 ათასი ტონის ფარგლებშია. ღვინის კომპანიები ყურძენს ხარისხის მიხედვით აფასებენ. რქაწითელის ჯიშის ხარისხიან ყურძენზე ფასმა 1.10 ლარსაც მიაღწია.

გადამუშავებული 23 ათასი ტონა რქაწითელიდან 5,3 ათას ტონამდე ამ ჯიშის ყურძენში ღვინის კომპანიებმა 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე გადაიხადეს. ხოლო გადამუშავებული 23 ათას ტონამდე საფერავიდან 15 ათას ტონაში კერძო კომპანიების მიერ გადახდილია 1.55 ლარიდან 1.75 ლარამდე“ - აღნიშნავს რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4200-მა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 47 მილიონ ლარს აღწევს. რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.

„რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 130-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი და შენარჩუნდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა.

სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს.


| Print |
FaceBook Twitter Google