სოფლის მეურნეობა
კახეთში დაახლოებით 222 ათასი ტონა ყურძენია დაბინავებული - ოთარ შამუგია
კახეთში დაახლოებით ყურძნის მოსავლის 80% უკვე გადამუშავებულია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, მევენახეებმა, ყურძნის მიღება-გადამუშავებით, დაახლოებით, 230 მლნლარამდე ღირებულების შემოსავალი მიიღეს.

„რთველი კახეთში დასასრულს უახლოვდება. მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. გადამუშავებულია 222 ათასამდე ტონა ყურძენი. 127 ათას ტონამდე რქაწითელია, 82 ათას ტონამდე საფერავი და დაახლოებით 5,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, საკოორდინაციო შტაბს, ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურს, რომელიც რთველის პროცესშია ჩართული“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის, რომ მიმდინარე წელს კვლავ ხორციელდება სუბსიდირების პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსავლის სრულად დაბინავებას ემსახურება. სუბსიდირება ეხება მხოლოდ რქაწითელსა და კახურ მწვანეს, რომელიც ერთ კილოგრამ ყურძენზე 0.35 ლარით განისაზღვრება.

სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კილოგრამში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს.
| Print |
FaceBook Twitter Google