სოფლის მეურნეობა
საძოვრის გარეშე დარჩენილი თულარის მოსახლეობა შემოსავლის გარეშეც რჩება - რას ითხოვენ ადგილობრივები
სახელმწიფომ სოფელ თულარის საძოვარი სამწლიანი იჯარით გასცა ერთ მოქალაქეზე, რის შესახებაც ადგილობრივებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. სოფელს ეს მიწა თუ არ ექნება, მოსახლეობა ფიზიკურად შემოსავლის გარეშე რჩება, - ამის შესახებ იორმუღალოს თემში მცხოვრები, თოზუ გულმამედლი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის არასოდეს არის მათი ინტერესები პრიორიტეტული.

„სახელმწიფომ სოფელ თულარის საძოვარი სამწლიანი იჯარით გასცა ერთ მოქალაქეზე.
მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია იჯარის შესახებ, რადგან მერი დაგვპირდა, რომ 2026 წლამდე ეს მიწა ჩვენი (სოფლის მოსახლეობის) იქნებოდა.

იორმუღანლოს თემი ნახევარ ქვეყანას რძის და ხორცის პროდუქტებით ამარგებს. ყოველ წელს ათი ათასობით ცხვარი ამ სოფლიდან გადის ექსპორტზე. თუმცა, სახელმწიფოსთვის არასოდეს არის ჩვენი ინტერესები პრიორიტეტული. ისინი ყოველთვის არიან უცხოელი ბიზნესმენების და ჩინოვნიკების მხარეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ მზად არიან ამ მოქალაქის მიერ იჯარაში გადახდილი თანხის შესაბამისი რაოდენობა თვითონ გადაიხადონ. სოფელს ეს მიწა თუ არ ექნება, ფიზიკურად შემოსავლის გარეშე რჩებიან და პირუტყვის მოვლას ვერ შეძლებენ, რაც ავტომატურად ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს. პრაქტიკულად, სახელმწიფო იძულებულს ხდის ადგილობრივებს სრულიად შემოსავლის გარეშე დარჩნენ ან სოფელი დატოვონ და სხვაგან გადასახლდნენ, “ - წერს თოზუ გულმამედლი.

როგორც ის speqtri.ge-სთან ამბობს, საქმე ეხება დაახლოებით 37 ჰექტარ ტერიტორიას, რომლის მფლობელიც მოსახლეობას პირუტყვის ტერიტორიაზე გაშვებას უკრძალავს. თოზუს თქმით, ისინი აპირებენ, პრობლემის მოგვარების თხოვნით, ერთობლივი განცხადებით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ.

საკითხის გარკვევას speqtri.ge საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში შეეცედა, თუმცა, მერთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. თავდაპირველად მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, მოგვიანებით კი მისი ტელეფონი გამორთული იყო.


| Print |
FaceBook Twitter Google