სოფლის მეურნეობა
იჯარა გაუქმებულია - რა ზეპირი პასუხი მიიღო თულარის მოსახლეობამ მერიისგან
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის, სოფელ თულარის მოსახლეობამ 37 ჰექტრამდე მიწის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, მერიისგან ზეპირი პასუხი მიიღო. როგორც ადგილობრივი აქტივისტი, თოზუ გულმამედლი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, მას დაურეკს და უთხრეს, რომ იჯარა გაუქმებულია.

„დამირეკეს მერიიდან და მითხრეს, რომ გაუქმებულია იჯარა და შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ მიწითო, მაგრამ წერილობითი პასუხი არ გვაქვს, ეს არის ზეპირი პასუხი. ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ საჯარო რეესტრიდან დოკუმენტი, რომ დავრწმუნდეთ, მართლა გაუქმებულია თუ არა იჯარა. შემდგომში, თუ გაუქმებულია, ვაპირებთ, ეს მიწები ხალხმა გაიფორმოს ან იჯარით აიღოს, იმიტომ, რომ მათ ეკუთვნის და ყველა ამაზე თანხმდება. ეს მნიშვნელოვანია, რომ მსგავს სიტუაციაში სხვა დროსაც არ აღმოვჩნდეთ,“ - გვეუბნება თოზუ.

სოფლის საძოვრები, დაახლოებით 37 ჰა ერთ პიროვნებაზე სამწლიანი იჯარით რომ იყო გაცემული, მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გაიგო, რაც ახალმა მეპატრონემ მათ საქონლის საძოვარზე გაშვება აუკრძალა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მუნიციპალიტეტის მერი წინასაარჩევნოდ დაპირდა, რომ ეს მიწები მათი (სოფლის მოსახლეობის) იქნებოდა 2026 წლამდე, თუმცა, სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ადგილობრივებმა მერთან და გუბერნატორთან შეხვედრის მოთხოვნით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას და გუბერნიას წერილობით მიმართეს.

ამ საკითხის ირგვლივ დეტალების გასარკვევად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას speqtri.ge-მ ჯერ კიდევ 27 აპრილს მიმართა კითხვებით:

  • ნამდვილად დაპირდა თუ არა მერი, რომ ამ საძოვრებით 2026 წლამდე ისარგებლებდა სოფლის მოსახლეობა?
  • თუ დაპირდა, რატომ აღმოჩნდა მოსახლეობამ ამ პრობლემის წინაშე?
  • მერიის როლი რა იყო ამ საქმეში, ანუ როგორ მოხდა იჯარით გაცემა?
  • ამ ეტაპზე, რისი გაკეთება შეუძლია მერიას, რა ალტერნატივა შეიძლება შესთავაზოს მოსახლებას?

როგორც დღეს მერიიდან გვიპასუხეს, მერია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. ისიც უცნობია, აპირებს თუ არა მერი თულარის მოსახლეობასთან შეხვედრას.

| Print |
FaceBook Twitter Google