სოფლის მეურნეობა
კახეთში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია
შირაქის ველზე ხორბლის აღების სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად გაეცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის აღების სამუშაოები ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი.
მინისტრის მოადგილემ ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსავლის აღების პროცესში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული 300-მდე კომბაინი.

თავის მხრივ, მეხორბლე ფერმერებმა აღნიშნეს, რომ მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში შეფერხებები არ არის.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის შირაქის ველზე მოსავლის 90 პროცენტი უკვე აღებულია.

სამინისტროში ამბობენ, რომ სასაწყობე მეურნეობა, რომელიც მეხორბლე ფერმერ ნუგზარ ალუღიშვილს ეკუთვნის, დღის განმავლობაში, საშუალოდ, 800 ტონა ხორბალს იბარებს. მიმდინარე წელს, აღნიშნულმა მეურნეობამ, დაახლოებით 20 000 ტონა ხორბალი უკვე ჩაიბარა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეხორბლე ფერმერებისგან ხორბალს 20-მდე წისქვილკომბინატი იბარებს.


| Print |
FaceBook Twitter Google