ტურიზმი
კახეთი ტურისტული სეზონისთვის ემზადება
ჩვენ აქტიურად ვემზადებით ტურისტული სეზონისათვის. სასტუმროები ჯანდაცვის სამინისტროს და ხელისუფლების მიერ დადგენილი წესების მიხედვით ატარებენ ღონისძიებებს, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისკენ არის მიმართული. - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ბევრი სასტუმრო, რომელიც უკვე ბრენდია, როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე, ძალიან მაღალ დონეზე ემზადება, რომ როგორც კი ქვეყანაში დაწესებული აკრძალვები შემსუბუქდება, კახეთი კვლავ გახდეს მიზიდულობის ცენტრი ტურისტებისათვის. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე ეს იქნება შიდა ტურიზმი, ამაზე მოთხოვნას სასტუმროები და ტურისტული ორგანიზაციებიც აფიქსირებენ. შემდეგ, როდესაც მსოფლიო მასშტაბით მოხდება მიმოსვლის აღდგენა, კახეთი, როგორც მწვანე ზონა და მთლიანად საქართველო, როგორც პანდემიასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყანა, დიდი ინტერესის სფერო გახდება დამსვენებლებისთვის,“ – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ არის მარტო სურვილი, არამედ ბევრი კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტის მოსაზრებაც.

ფოტოს ავტორი Georgian Travel Guide
| Print |
FaceBook Twitter Google