სამართალი
გურჯაანის სასამართლომ მოწმეს პატიმრობა შეუფარდა
დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ომარ ცისკარაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ე და მეოთხე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით(ძარცვა), 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით.( ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება).

გამოძიების ოფოციალური ვერსიით, ომარ ცისკარაშვილმა 2016 წლის 11 მაისს, ღამით, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლისას დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა. პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, 17 მასრა ამოიღეს. პოლიციამ ნაძარცვი ავტომანქანა გურჯაანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული იპოვა. ომარ ცისკარაშვილი პოლიციამ 7 ივლისს დააკავა.
შემთხვევა გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, „ნიკორას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დღევანდელ სხდომაზე მაღაზიის სამი თანამშრომელი, ასევე კიდევ სამი მოწმე დაიკითხა.

ზვიად უტიაშვილმა, მოწმემ, ვისი მანქანითაც, გამოძიების მტკიცებით, ომარ ცისკარაშვილი გაიქცა, პროცესზე განაცხადა, რომ ინცინდენტის ღამეს, გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა მისივე განმარტებით, ამის თაობაზე პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ პროკურორს უთხრა, რომ ზვიად უტიაშვილის იმ განცხადებით დაინტერესდეს, რომელიც პოლიციელების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ეხება.

ბრალდებულის ადვოკატი ნონა ფილაური გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

„ამ ღამით, დაახლოებით 01:10 სთ-ზე, პატრულ-ინსპექტორებმა გიორგი ამისულაშვილმა და მალხაზ მღებრიშვილმა დაიწყეს ომარ ცისკარაშვილის ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისათვის საჭირო მოქმედებები. როგორც ისინი აღნიშნავენ, მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იყო დაშავებული და ეს ამიტომ გახდა საჭირო. მათივე თქმით, ომარმა წინააღმდეგობა გაუწია, იმით რომ გასაღებით დაკეტა თავისი ავტომანქანა. ამის შემდეგ ადგილზე მივიდა რამდენიმე გურჯაანელი, რომლებიც ომარ ცისკარაშვილს პირადად იცნობენ, მათ შორის იყო ზვიად უტიაშვილი, რომელიც დღეს დაიკითხა. პატრულ- ინსპექტორების დავალებით, თავისი ავტომანქანის,BMW X5-ის გასაღები მისცა თავისივე ნათესავს, ავთანდილ უტიაშვილს და უთხრა, რომ ომარ ცისკარაშვილის მანქანის გასაღები მოეტანათ. ამის შემდეგ თითქოს გამოუვლია ზვიად უტიაშვილის მანქანას და იქიდან ცეცხლი გაუხსნეს პატრულს. ამას ამბობენ მხოლოდ პატრულები, რასაც მოწმეები არ ადასტურებენ. დაზარალებულმა განმარტა, რომ არ დაუნახავს სროლა თავისი მანქანიდან მოხდა თუ არა, არც ის დაუნახავს, ვინ გაისროლა. სროლა რომ ომარ ცისკარაშვილმა განახორციელა, ამ ვერსიას ავითარებს გამოძიება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე დაყრდნობით. დანარჩენი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პოლიციელები ცრუობენ, თითქოს მათ დაინახეს ზვიად უტიაშვილის მანქანა. ბევრი მოწმე ლაპარაკობს, რომ ზეწოლას და ცემას ჰქონდა ადგილი გურჯაანის პოლიციაში. ისინი აიძულებდნენ, რომ კონკრეტულად ომარისთვის დაედოთ ხელი.“

ადვოკატი შემთხვევის ღამეს მომხდარ პროცესუალურ დარღვევაზეც მიუთითებს.

-„ ნიკორას მენეჯერმა განმარტა, რომ მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და ვიდეოკამერა დაათვალიერეს, მხოლოდ ამის მერე მიმართეს მონიტორინგს იმისთვის, რომ კონკრეტული კადრები გამოეთხოვათ. საინტერესო და პროცესუალური დარღვევაა, რომ არცერთი დოკუმენტი არ შემდგარა კამერის დათვალიერებასთან დაკაშირებით. გამოდის, რომ პოლიციამ ვიდეოკამერა წინასწარ, უკანონოდ დაათვალიერა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გურჯაანის სასამართლო, ისევე როგორც პროკურატურა და პოლიცია, მიზანმიმართულად ცდილობენ, ომარ ცისკარაშვილი დამნაშავედ სცნონ. სასამართლოს განწყობაც მიკერძოებულია, რადგან არც ერთი ჩვენი შუამდგომლობა არ კმაყოფილდება. ყველანაირი ხელისშეყობა აქ პროკურატურას, რომ როგორმე ეს საქმე გაიტანოს და გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ვიმედოვნებ, რომ ისინი დანაშაულს ვერ დაამტკიცებენ, რადგან სიცრუეში სდებენ ბრალს.“

ცრუ ჩვენებისთვის გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, მოწმე გიგა რუაძეს. ის ახლა გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.

-„წინასწარი გამოძიების ჩვენება იგივეა, რაც სასამართლოში მიცემული ჩვენება. დაკავებას საფუძვლად დაუდეს ის ფაქტი, რომ მან პირველად სასამართლოზე განაცხადა პოლიციაში განხორციელებულ ზეწოლაზე. ვპირდები გურჯაანის რაიონულ პროკურატურას, თუ რეაგირებას არ მოითხოვს პოლიციის დანაშაულებრივ ქმედებებზე, ჩვენ მივმართავთ გენინსპექციას და მთავარ პროკურატურას.“


მოწმეების ცემასა და ზეწოლას კატეგორიულადფდ უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. Speqtri.ge პროკუარტურასთან დაკავშირებას ცდილობს, მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

| Print |
FaceBook Twitter Google